„მედიისთვის დამაზიანებელი ცვლილებები“ - პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობს

პუბლიკა

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო.

ცვლილებებს პირველი მოსმენით ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომასა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე დაუჭირეს მხარი.

განხილვამ დისკუსიის ფონზე ჩაიარა. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები კანონპროექტში მედიის შინაარსობრივი რეგულირების საფრთხეს ხედავენ.

მათი მთავარი შენიშვნა იყო ის, რომ უმრავლესობამ კანონპროექტზე მუშაობა ფართო კონსულტაციების გარეშე დაიწყო.

ოპოზიციამ ცვლილებების პროექტში სამი პრობლემური მუხლი გამოყო: სიძულვილის ენის აკრძალვა, კანონში პასუხის უფლების ასახვა და კომუნიკაციების კომისიის ბერკეტი, მოითხოვოს მაუწყებლისგან ჯარიმის დაუყოვნებლივი აღსრულება.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა უმრავლესობას პროექტიდან ამ მუხლების გამოყოფა და დისკუსიის გახსნა შესთავაზა. კანონპროექტის დანარჩენ მუხლებს ისინი მხარს უჭერდნენ.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი დაინტერესდა, რატომ ემატება კანონს პასუხის უფლება, როდესაც უკვე არსებობს იმის ბერკეტი, რომ ცილისწამების შემთხვევაში შესაძლებელია მედიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართონ. კანოპროექტის მიხედვით, „პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს. იმავე შინაარსის შეკითხვები ჰქონდათ „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ენმ-ის“ დეპუტატებს. „გირჩის“ დეპუტატები განსაკუთრებით სიძულვილის ენის განმარტებისა და რეგულირების ნაწილით დაინტერესდნენ.

ოპოზიციონერი კოლეგების საპასუხოდ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რატომ მიაჩნია უმრავლესობას აუცილებლად „პასუხის უფლების“ განსაზღვრა.

თალაკვაძის მტკიცებით, მედიის პოზიტიური ვალდებულებაა, სიუჟეტის მომზადებისას სიუჟეტის ობიექტის პასუხიც გაიგოს და ინფორმაციაც გაავრცელოს ამის შესახებ.

„ვკითხე ჟურნალისტებს, მაინტერესებს, როცა სიუჟეტს აკეთებთ, გაქვთ თუ არა პოზიტიური ვალდებულება, ინფორმაცია გადაამოწმოთ და მეორე მხარესაც მისცეთ პასუხისა და პოზიციის გამოხატვის საშუალება? თქვენ თვითონ ამბობთ, რომ ამის პოზიტიური ვალდებულება გაქვთ. მიმდინარეობს არაერთი სასამართლო დავა ცილისმწამებლურ განცხადებებთან, ყალბ ნიუსებთან, დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.

მხოლოდ ის, რასაც თქვენ საჯაროდ აღიარებთ, რომ თქვენი პოზიტიური ვალდებულებაა, აისახება კანონმდებლობაში და ვფიქრობ, არანაირი პრობლემა დემოკრატიულ საზოგადოებაში, თავისუფალი მედიის პირობებში, არ არის იმაში, თუ ადამიანს ექნება კანონით დაცული საშუალება, პასუხი გასცეს კითხვებს და წარმოადგინოს თავისი პოზიცია იმ საკითხებზე, რასაც მედია აშუქებს და მაღალი საჯარო ინტერესის საგანი ხდება ხოლმე. თუ სასამართლო დავის რაოდენობამ მოიმატა, ეს ახლა იმის გამოა, რომ ხშირად პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები და ჟურნალისტები არ აძლევენ კონკრეტულ ადამიანებს საშუალებას, თავიანთი პოზიცია დააფიქსიროს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მედიასაშუალება ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, მანვე პასუხი უნდა გაავრცელოს უმოკლეს დროში.

არჩილ თალაკვაძის პასუხად ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ დაბალანსებული ინფორმაციის გაშვება არა მედიის პოზიტიური ვალდებულება, არამედ ეთიკური გადაწყვეტილებაა და ამ საკითხს სამართლებრივი ნორმა არ არეგულირებს.

ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ამ კანონპროექტით, ევროდირექტივის შესრულების საფარქვეშ შემოდის მედიისა და საზოგადოებრივი აღქმისთვის დამაზიანებელი რამდენიმე მუხლი.

„თუ ამ კანონის მიღებით პოლიტიკური ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზება გახდება მიუღებელი და დასჯადი, მაგალითად, თქვენი პარტიის თავმჯდომარე რომ გამოდის და იძახის, „ლელო“ არიან რადიკალები და აფუჭებენ, ანგრევენ ქვეყანას და ა.შ. ე.ი. ამ განცხადების გამო დაისჯება ეს პროგრამა? გამოდის, რომ კობახიძე ვეღარ გაბედავს დაგვაბრალოს რადიკალობა და წააქეზოს ზიზღი ჩვენს მიმართ? ეს განცხადება ჩაჯდება ამ დეფინიციაში თუ არა?

რაც შეეხება პასუხის უფლებას, სრულიად საინტერესო რამ მოხდა ახლა აქ. გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ უკმაყოფილო არის მის მიერვე მრავალჯერ რეფორმირებული სასამართლოთი. სასამართლოში რომ შეეძლო წასვლა ადამიანს, თუ მას მიაჩნდა, რომ მედიამ მისი უფლებები დაარღვია, როგორც ჩანს, ამ სასამართლომაც კი ვერ აწია უპასუხისმგებლობის და უსამართლობის ეს სტანდარტი.

ძალიან, ძალიან, ძალიან ცინიკურია საუბარი ზიზღის და სიძულვილის წაქეზებაზე და ამ კონტექსტით მედიისთვის ახალი რეგულაციების დაწესებაზე, როდესაც, ამ შენობიდან 20 ნაბიჯის მანძილზე, თქვენ მიერ წარმოებული სიძულვილის პოლიტიკის გამო, ადამიანი არის მოკლული. ეს არ დაგავიწყდეთ! ყოველ ჯერზე შეგახსენებთ ამას, ვინც არ უნდა იდგეს ამ ტრიბუნასთან და ვინც არ უნდა იჯდეს ამ დარბაზში. მე აღარაფერს ვამბობ იმ ძალიან სამარცხვინო მოქმედებებზე, როდესაც ეთნიკური, რელიგიური და სხვა განსხვავებულობის ნიშნით საქართველოს მოქალაქეებს ძალიან შეურაცხმყოფელი შემთხვევები დაატყდათ თავს საქართველოს რეგიონებში, ღორის თავის დაკიდებით დაწყებული და ა.შ. რომელზეც სამართლებრივი რეაგირება კი არა, პოლიტიკური განცხადებებიც ჭირს რომ გაკეთდეს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დამსწრე არასამთავრობოები კანონპროექტის ფართო ჩართულობით გაგრძელებას მოითხოვდნენ. ისინი, ძირითადად, საერთაშორისო პრაქტიკითა და ექსპერტების მოსაზრებების გაცნობით დაინტერესდნენ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარემ, მარიამ გოგოსაშვილმა განაცხადა, რომ სიძულვილის ენის რეგულირება და პასუხის უფლება მნიშვნელოვანი საკითხებია, თუმცა მნიშვნელოვანია, მათი დანერგვის მექანიზმი.

„ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ წარმომადგენლის, ნათია კუპრაშვილის შეთავაზება იყო, კანონპროექტი პირველ მოსმენაზე შინაარსობრივი რეგულირების მუხლების გარეშე გასულიყო. მისი თქმით, რეგიონული მაუწყებლების წუხილი ამ მუხლთან ერთად სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი რეკლამის რეგულირების მუხლია.

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მედიასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე კანონპროექტის შემუშავებამ მედიამენეჯერებში დაბნეულობა გამოიწვია და ამით ინკლუზიური პროცესის აუცილებლობა უკვე დაირღვა.

„ალბათ, ჯობს, რაღაც სამუშაო შეხვედრა შედგეს. ვერ ვხედავ ამ პროექტში დაუძლეველ წინააღმდეგობას და იმას, რომ ვერ შევძლოთ პოზიციების დაახლოება და კომპრომისული ვარიანტების გამოძებნა, ეს იქნება დათქმებით, გარდამავალ დებულებებში რაღაცების გაწერით თუ რა. არ არის კომიტეტი კარგი ადგილი ასეთი არსებითი საკითხების განსახილველად, – განაცხადა ჯანგირაშვილმა.

მისივე განცხადებით, კანონპროექტი არსებული სახით მედიის მდგომარეობას გააუარესებს.

„ვწუხვართ იმაზე, რომ 300 000 ლარი რომ აქვს ერთ ტელევიზიას ჯარიმები ერთბაშად და ამ თანხის გადახდა ტელევიზიის მუშაობის შეჩერებას გამოიწვევს. ამიტომ აღსრულება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ შეიძლება… ვერავინ დამარწმუნებს, რომ ევროდირექტივის სულისკვეთება ეს არის, რომ ტელევიზიები დაიხუროს ფინანსური სანქციების გამო“, – განაცხადა მან.

უმრავლესობის დეპუტატების თქმით, კანონპროექტის მუხლების შინაარსობრივი განხილვა მეორე მოსმენიდანაა გათვალისწინებული.

დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენებამდე სამუშაო ჯგუფის ფორმატში საკითხის მხარეების ჩართულობით განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს. როდის შედგება სამუშაო შეხვედრა, ჯერჯერობით, უცნობია.


„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება აიკრძალება.

ამავე კანონპროექტით, „მაუწყებლობის შესახებ” კანონს „პასუხის უფლების“ შესახებ ჩანაწერი ემატება, კერძოდ, „პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს.

მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება კომუნიკაციების კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრდეს.