რუსეთმა სომხური თევზისა და ხილის იმპორტი აკრძალა

პუბლიკა

ავტორი: იუსეფ ბარდუკა

რუსეთმა სომხური თევზისა და თევზის პროდუქტების იმპორტი აკრძალა, გარდა იმ ორი კომპანიის პროდუქტისა, რომლებმაც შემოწმება გაიარეს. „როსსელხოზნადზორმა“ ასევე დააწესა შეზღუდვები კურკოვანი ხილის რუსეთში იმპორტსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (ევრაზეს​) ტრანზიტზე.

1 ივნისს რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსსელხოზნადზორი) გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უწყება „რუსეთში სომხური ხილის მიწოდებისას დარღვევების მზარდ შემთხვევებს აფიქსირებს“.

როსსელხოზნადზორმა“ ასევე თქვა, რომ მათ სომხეთს არაერთხელ გაუგზავნეს ინფორმაცია პროდუქციაში დარღვევების შესახებ. უწყების თქმით, ეს არის ის უარყოფითი შედეგი, რომელიც „სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლიკვიდაციას მოჰყვა“. სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წელს გაუქმდა და მისი მოვალეობები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა.

ამით უწყებამ ფაქტობრივად თქვა, სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო „სტრუქტურულ პრობლემებს განიცდის და არ შეუძლია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება“.

როსსელხოზნადზორმა“ ასევე განაცხადა, რომ 2 ივნისიდან დროებითი შეზღუდვები დაწესდება სომხური კურკოვანი ხილის, მათ შორის ალუბლის/ბლის, გარგრის, ქლიავის, ატმისა და ნექტარინის, ასევე ახალი ყურძნის იმპორტზე.

მანამდე, 29 მაისს, „როსსელხოზნადზორმა“ სომხური თევზის პროდუქტების იმპორტი აკრძალა. უწყების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა 21–27 მაისს სომხეთში თევზის გადამამუშავებელ ქარხნებსა და კალმახის მეურნეობებში ჩატარებული ინსპექციის შედეგებს. რუსული უწყების მტკიცებით, ობიექტების 50%-მა შემოწმებაზე უარი თქვა.

რუსეთმა სომხეთს არაერთი სახეობის პროდუქციის იმპორტი  და გაყიდვა აუკრძალა 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე.

მაისის ბოლოს რუსეთმა სომხეთიდან შეზღუდა გარკვეული კენკროვანი კულტურებისა და ახალი ბოსტნეულის იმპორტი შეზღუდა, მათ შორის – პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილისა და მარწყვის. მიზეზად „დარღვევების მზარდი რაოდენობა“ დასახელდა.

რამდენიმე კვირით ადრე, მაისის თვის დასაწყისში რუსეთმა შეაჩერა რამდენიმე სომხური მწარმოებლის ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა იმ მოტივით, რომ ისინი „არ აკმაყოფილებენ სავალდებულო მოთხოვნებს“. გარდა ამისა, მოსკოვმა სრულად აკრძალა სომხური მინერალური წყლის, „ჯერმუკის“ იმპორტი და გაყიდვა.

რუსეთმა და ევრაზიულმა კავშირმა არაერთხელ უთხრეს სომხეთს, რომ უნდა აირჩიოს ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირს შორის, ვინაიდან სომხეთი აგრძელებს დასავლეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ სწრაფვას.

ევრაზიული კავშირის ოთხმა წევრმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადებით მოუწოდა სომხეთს, „რაც შეიძლება მალე“ ჩაატაროს საყოველთაო რეფერენდუმი იმის შესახებ, თუ რა სურს სომხეთს: ევროკავშირში გაწევრება თუ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ბლოკში დარჩენა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამ ეტაპზე ასეთი რეფერენდუმის ჩატარების საჭიროება უარყო და განაცხადა, რომ მისი მთავრობა გააგრძელებს მუშაობას ევრაზიული კავშირის ფარგლებში „მანამ, სანამ ევროკავშირსა და ევრაზეს-ს შორის არჩევანის გაკეთება გარდაუვალი არ გახდება“.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.