მაწევანში, სადაც ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს

პუბლიკა

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბაჩალიაშვილის ოჯახის ჩართულობით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება, რომელიც დაახლოებით, 2 საათის წინ დაიწყო და საბოლოოდ, 24 საათი გაგრძელდება.

ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი ლაშა კოტრიკაძე განმარტავს, რომ ექსპერიმენტის დროს უნდა დადგინდეს ჰაერის ტენიანობა, ტემპერატურა, ასევე ბაჩალიაშვილის ავტომობილის ანალოგიურ მანქანაში უნდა განისაზღვროს ტენიანობა და ტემპერატურა. აღნიშნული ექსპერიმენტი, სავარაუდოდ, დაადგენს, შესაძლებელი იყო თუ არა ბაჩალიაშვილის ცხედრის იმ მდგომარეობაში აღმოჩენა, როგორშიც ის იპოვეს. პროკურორი ამბობს, რომ ამინდის ცვლილების გამო ექსპერიმენტი დაგვიანებული არ არის.

„საგამოძიებო ექსპერიმენტით უნდა დადგინდეს შემთხვევის ადგილზე დღის განმავლობაში, ანუ 24 საათის განმავლობაში არსებული ტემპერატურა, კერძოდ, როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა. ასევე, შემთხვევის ადგილზე განთავსებულ ანალოგიური მარკისა და მოდელის ავტომობილში, დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა.

იმ დროს რა ტემპერატურაც არის, ცხადია, განსაზღვრული აქვს გამოძიებას და აქედან გამომდინარე კონკრეტული ტემპერატურა დადგინდება. აქედან გამომდინარე განისაზღვრება ის სურათი, რაც საჭიროა სრულყოფილი სამედიცინო ექსპერტიზისთვის“, – განაცხადა პროკურორმა.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ექსპერიმენტი იმისთვის ტარდება, საქმეზე ჭეშმარიტება რომ დადგინდეს.

„ეს მანქანა შემოყვანილი იყო, ამას ჩვენ დავადასტურებთ სატელიტური სურათების თანახმად“, – ამბობს რამიშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახიც ფიქრობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მისი ცხედრის პოვნამდე ცოტა ხნით ადრე მიიყვანეს იმ ადგილზე, სადაც გოგო სამართალდამცველებმა იპოვეს. ბაჩალიაშვილის მამა ფიქრობს, რომ მტკიცებულებები უკვე გაყალბებულია და მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს.