მცირე და საშუალო ჰესების განვითარებისთვის მთავრობამ ახალი მექანიზმი დაამტკიცა – თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით მთავრობის ახალი ინიციატივა განმარტა.

მისი თქმით, მთავრობამ დღეს დაამტკიცა ელექტროსადგურების, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი.

„იცით თქვენ, რომ ხანგრძლივი მსჯელობა მიდიოდა იმაზე, თუ როგორ დაეჭირა მხარი სახელმწიფოს ინვესტორებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, განავითარონ მცირე და საშუალო ჰიდროსადგურები.

ჩვენ, ენერგეტიკული რეფორმისა და ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ფარგლებში, რამდენიმე ხნის წინ დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა, სადაც საათობრივი ვაჭრობა განხორციელდება და ამ ენერგეტიკული ბირჟის შედეგებზე დაყრდნობით, შემოვიღეთ ისეთი წესი, რომ მცირე და საშუალო ჰიდროსადგურებში ინვესტიციის მოსურნე კომპანიები ივაჭრებენ ამ ბირჟაზე და ბირჟაზე მიღებულ შემოსავალთან ერთად მიიღებენ გამომუშავებული ელექტროენერგიის 1 კვტ/სთ-ზე სულ მცირე 1.5 ცენტს. ეს არის ე.წ. Feed-in-premium, ეს არის ევროპული პრაქტიკა, რის წყალობითაც უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტირება ენერგეტიკაში“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, აღნიშნული მხარდაჭერა უზრუნველყოფს ბაზრის ფასის ცვალებადობასთან დაკავშირებული რისკის განეიტრალებას.

„ეს მექანიზმი, ნაწილობრივ, საბაზრო პრინციპებს ეყრდნობა, თუმცა რჩება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც უზრუნველყოფს იმ რისკების განეიტრალებას, რაც ბაზრის ფასის ცვალებადობასთან არის დაკავშირებული – თითოეული ჰიდროსადგურის მფლობელს დაუმატებს ე.წ. Feed-in-premium-ის სახით  1 კვტ/სთ-ზე მაქსიმუმ 1.5 ცენტს“, – განაცხადა თურნავა.

მისივე თქმით, ეს მექანიზმი უზრუნველყოფს უფრო მეტი ინვესტიციის წახალისებას და უფრო გაამარტივებს ინვესტიციების მოზიდვას ამ დარგში; მეტად განვითარდება და ათვისებული იქნება მწვანე ენერგეტიკა და ჰიდრორესურსები და „შესაძლებელი გახდება, ადრიან ეტაპზე შეიკრას დაფინანსება და მოზიდული იქნეს საფინანსო ინსტიტუტები – დონორები და ბანკები, კონკრეტულად ამ პროექტებში”.

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამას მიესალმება ენერგეტიკის დაინტერესებული ინვესტორი, რადგან  მათთანაც გავდიოდით აქტიურ კონუსლტაციებს“, – აღნიშნა მან.