მცხეთის გენგეგმის დამტკიცებამდე კომპრომისი უნდა გამოვნახოთ - გახარია მორატორიუმზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში გამოსვლის დროს, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საჭიროა მცხეთის მორატორიუმთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების შესრულება.

გახარიას თქმით, კომპრომისზე უნდა წავიდეს როგორც მოსახლეობა, ისე UNESCO და სახელმწიფო. მან აღნიშნა, რომ საკითხი მცხეთის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე უნდა გადაწყდეს.

„პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ 2021 წლის სამუშაო დღეებში, კიდევ ერთხელ უნდა დავსხდეთ… შეუძლებელია, რომ გამოსავალი ვერ ვიპოვოთ. გამოსავალი მარტივია, UNESCO-ს მემკვიდრეობის სტატუსის შენარჩუნება და მოსახლეობისთვის ჟანგბადის მიცემა. კომპრომისი უნდა იყოს როგორც მოსახლეობიდან, ასევე UNESCO-დან და სახელმწიფოსგან. ჩვენ მზად ვართ ამ კომპრომისისთვის. უბრალოდ, ამ კომპრომისის პირობები უნდა განვსაზღვროთ. ელემენტარულად იმისთვის, რომ ის დაპირება, რომელიც წინასაარჩევნოდ გავეცით, შევასრულოთ, სანამ ეს გენგეგმა დამტკიცდება“, – თქვა მან.

გიორგი გახარიამ სექტემბერში მცხეთაში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განცხადა, რომ მცხეთის მოროტორიუმი, რომელიც 2015 წლიდანაა დაწესებული და რითაც შეზღუდულია ახალი მშენებლობები, უნდა დასრულდეს.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მალე, გონივრულ ვადაში, მორატორიუმის პრობლემა გადავწყვიტოთ ისე, რომ მცხეთელებმა ნორმალურ, კომფორტულ გარემოში განვითარება შეძლონ, იმიტომ, რომ ქალაქი მარტო კედლები არ არის, ადამიანების, მცხეთელების გარეშე მცხეთა არ არსებობს“, – განაცხადა გახარიამ სექტემბერში.

რას ითვალისწინებს მორატორიუმი?

ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის,  ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზებისა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი  განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2015 წელს მთავრობის #411 დადგენილებით, მცხეთაში გამოცხადდა მორატორიუმი, დადგინდა ქალაქთშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი.

2019 წელს დადგენილებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რამაც მორატორიუმის პირობები, გარკვეულწილად, შეამსუბუქა. ამ დადგენილების ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდეა გახანგრძლივებული.

გახარიას განხცადებების პასუხად, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოში „პუბლიკას“ სექტემბერში განუცხადეს, რომ მცხეთის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე მონატორიუმის მოხსნა  „დაუშვებელია“.

წაიკითხეთ ვრცლად: