რა თქვა გახარიამ მცხეთაში გამოცხადებულ მორატორიუმზე - „ქალაქი მარტო კედლები არ არის“

ქრისტინე მუჯირი

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მალე, გონივრულ ვადაში, მორატორიუმის პრობლემა გადავწყვიტოთ, ისე, რომ მცხეთელებმა ნორმალურ, კომფორტულ გარემოში განვითარება შეძლონ, იმიტომ, რომ ქალაქი მარტო კედლები არ არის, ადამიანების, მცხეთელების გარეშე მცხეთა არ არსებობს“ – გიორგი გახარია

 

პარასკევს, 11 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მცხეთაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა კერესელიძე წარადგინა. კერესელიძის წარდგენისას გახარიამ ისაუბრა მორატორიუმზე, რომელიც მცხეთაში 2015 წლის აგვისტოდანაა დაწესებული. აღნიშნული მორატორიუმით მცხეთაში, რომელიც UNESCO-ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია, შეზღუდულია ახალი მშენებლობები. როგორც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში განმარტეს, მორატორიუმი მანამდე უნდა დარჩეს ძალაში, სანამ ქალაქის გენერალური გეგმის დოკუმენტი არ დამტკიცდება.

პრემიერ-მინისტრმა პირობა მისცა ადგილობრივებს და აღნიშნა, რომ მორატორიუმის არსებობის საკითხი რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, როდის და რა პირობით. პრემიერ-მინისტრს სიტყვით გამოსვლისას არ უხსენებია მცხეთის გენერალური გეგმა, რომელზეც წლებია მიმდინარეობს მუშაობა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ უნდა ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი, რომ დავიცვათ ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც, საბედნიეროდ, მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ მარტო საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობა არ არის და საყოველთაო მსოფლიო ფასეულობის მატარებელი მემკვიდრეობაა; მეორე მხრივ, არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ აქაურმა ადამიანებმა ნორმალურ გარემოში ვერ იცხოვრონ და აქაურ მოქალაქეებს ეს დისკომფორტი და ცხოვრების განვითარებისა და წინსვლის პრობლემები შევუქმნათ. ამ ოქროს შუალედის პოვნა არ არის მარტივი. მე ახლა აქედან გპირდებით, რომ ამაზე, თუ ადრე მე და დიმიტრი ვმუშაობდით, ახლა შალვაც [კერესელიძე] დაგვემატება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„პუბლიკა“ განმარტების მისაღებად „ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატს, შალვა კერესელიძეს დაუკავშირდა კითხვებით – რას გულისხმობდა მისი წარდგენისას მცხეთის მორატორიუმის მოხსნის შესახებ განხცადებები? აქვს თუ არა კონკრეტული ხედვა და გეგმა მორატორიუმთან მიმართებაში?

კერესელიძის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებენ.

რას ითვალისწინებს მორატორიუმი?

ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დაცვის,  ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებთან ურბანული პროცესების ჰარმონიზებისა და ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ ლანდშაფტთან თავსებადი  განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2015 წელს მთავრობის #411 დადგენილებით, მცხეთაში გამოცხადდა მორატორიუმი, დადგინდა ქალაქთშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი.

2019 წელს დადგენილებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რამაც მორატორიუმის პირობები გარკვეულწილად შეამსუბუქა. ამ დადგენილების ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდეა გახანგრძლივებული.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს UNESCO-ისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მანანა ვარძელაშვილი განმარტავს, რომ 2019 წლის შემდეგ მცხეთის ისტორიული განაშენიანების ზონაში შესაძლებელია გარკვეული სამუშაოების ჩატარება, მათ შორის შენობის დემონტაჟი, მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობით. უპირობოდ არის დაშვებული ხაზოვანი ნაგებობების მშენებლობა – მოსახლეობისთვის წყალგაყვანილობის სისტემის გაყვანა, გაზიფიკაცია და ა.შ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არის დათქმა, რომ ხაზოვანი ნაგებობების მშენებლობა, მხოლოდ განაშენიანებულ ტეროტორიებზე შეიძლება. გაუნაშენებიანებელ ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სამუშაოები (იქნება ეს ახალი მშენებლობა, გაზიფიკაცია, თუ ელექტროენერგიის გაყვანა) აკრძალულია.

„მორატორიუმი გარკვეულწილად იძლევა მსუბუქი, I კლასის მიშენება-დაშენების შესაძლებლობას; ძეგლთა რეაბილიტაცია ყველგან შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება ახალი განვითარება“, –  განაცხადა მანანა ვარძელაშვილმა.

თუმცა ვარძელაშვილი აღნიშნავს, რომ მორატორიუმის მიხედვით ყველა ზემოაღნიშნული სამუშაოები სააგენტოს შუამდგომლობით თანხმდება UNESCO-სთან (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მანამდე, სანამ ქალაქის გენერალური გეგმა არ დამტკიცდება.

„გადაწყვეტილებების მისაღებად UNESCO-ში იგზავნება არამხოლოდ მორატორიუმის ფარგლებში მოქცეული წინადადებები, არამედ მთლიანად ბუფერული ზონიდან, რომელიც გაცილებით ფართო არეალია. ეს არის ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი“, – განაცხადა ვარძელაშვილმა.

ვარძელაშვილმა აღნიშნა, რომ ქალაქის გენერალურ გეგმასთან ერთად კიდევ მუშავდება მცხეთაში 10 არეალის დეტალური გეგმა, რითაც მკაცრად განისაზღვრება, სად რისი მშენებლობა იქნება შესაძლებელი.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, მცხეთის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე მონატორიუმის მოხსნა  „დაუშვებელია“.

 

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მორატორიუმის გამოცხადება 2006-2007  წლებში  მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლის დამცავ ზონებში განხორციელებულმა ქაოსურმა და არათანმიმდევრულმა მშენებელობებმა განაპირობა.

„2006-2007 წ.წ.-ში არქეოლოგიურ დამცავ ზონაში მოქცეული მიწების გასხვისების 80 ერთეული და 2012 წელს  მათი სამშენებლოდ გამოყენების მიზნით კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების შემცირების  შედეგად, მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი – 2009 წელს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში მოექცა და 2016 წლამდე იდგა გარიცხვის საფრთხის წინაშე. მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მოთხოვნის საფუძველზე, მცხეთის დამცავ ზონებში 2012 წლამდე ჩადენილი გადაცდომების გამოსასწორებლად, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციისა და დამცავი ზონების კორექტირების პროექტის მომზადებამდე საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, მცხეთისთვის მორატორიუმის რეჟიმი დაეწესებინა. უკანონოდ გასხვისებული მიწების დასაბრუნებლად, დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ახალი მიწათმესაკუთრეების ფულადი კომპენსირების საკითხი“, – განუცხადეს „პუბლიკას“ სააგენტოში.