MDF-მა გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია იკვლია — მიგნებები

პუბლიკა

„მედიის განვითარების ფონდმა” გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია იკვლია. კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 2024 წლის მონაცემებს აანალიზებს და გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციის თემატიკას, სამიზნეებს, მეთოდებსა და წყაროებს მიმოიხილავს.

2024 წლის მონიტორინგმა შემდეგი ტენდენციები გამოავლინა:

  • გამოვლინდა გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციის 71 შემთხვევა, საიდანაც უმეტესობა (53) წინა წლების მსგავსად სექსუალურ ორიენტაციას ეხებოდა, 18 კი — გენდერული ნიშნით დეზინფორმაციასა და მანიპულაციას.
  • გამოვლენილი მაგალითები მეტწილად ანტიდასავლური ხასიათის იყო და როგორც ინდივიდუალური საჯარო პირების, ასევე კონკრეტული მოვლენებისა (საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში, პარიზის ოლიმპიადა, ევროვიზია) და დასავლური ქვეყნების (ამერიკა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი) წინააღმდეგ იყო მიმართული.
  • ანტიდასავლური თემატიკიდან ყველაზე აქტუალური სქესის შეცვლის საკითხი იყო, ასევე ცალკეული პოლიტიკოსებისა და სხვა საჯარო პირების დისკრედიტაცია როგორც მიზოგინიური, ასევე ჰომოფობიური შინაარსის გავრცელებით.
  • ზოგიერთ შემთხვევაში გავრცელებული შინაარსი ინტერსექციური დისკრიმინაციის ხასიათს ატარებდა და პოლიტიკური დატვირთვის იყო, როცა რუსეთის, როგორც ე.წ. „გარყვნილი დასავლეთისგან“ მართლმადიდებლობის ერთადერთი დამცველის მესიანისტურ მისიაზე კეთდებოდა აქცენტირება.
  • უკრაინის თემაზე იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია ძირითადად ლგბტქ+ სიმბოლიკით მანიპულირებას ახდენდა და ჰომოფობიური დატვირთვის იყო. საქართველოში სახელისუფლებო პროპაგანდის მთავარი სამიზნე პროევროპული, დემოკრატიული საპროტესტო აქციები იყო, რომელთა დისკრედიტაცია ძირითადად ჰომოფობიური შინაარსის გაყალბებული ვიზუალით, ქალების პროტესტის გაქილიკებით, ასევე ქალი აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით ხდებოდა.
  • საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სამოქალაქო პროტესტის ლგბტქ+ თემის საკითხებთან დაკავშირება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტაქტიკა იყო, რაც პოლიტიკური მოთხოვნებიდან ყურადღების კონტრავერსიულ საკითხებზე, კერძოდ, ლგბტქ+ თემის უფლებრივ თემატიკაზე გადატანას და საზოგადოების კონსერვატიული სეგმენტის განწყობებით მანიპულირებას ისახავდა მიზნად.
  • გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტშიც გამოიყენებოდა და მისი სამიზნე ოპოზიციური პარტიების ქალი პოლიტიკოსები, საქართველოს ქალი პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიის კაცი პოლიტიკოსები იყვნენ.
  • წინასაარჩევნოდ ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის მიზნით მათი „მრუშობით შერცხვენა” (სლატშეიმინგი) გამოიყენებოდა, მამაკაცების დისკრედიტაციის მიზნით კი — ჰომოსექსუალობის თემა.
  • გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციის ყველაზე გავრცელებული ფორმა ვიზუალური მანიპულაცია იყო. 8 შემთხვევაში გამოვლინდა ტექნოლოგიის გამოყენებით (AI, Deepfake) გენერირებული, მეტწილად ჰომოფობიური ვიზუალი.
  • ვიზუალური მანიპულაცია ყველაზე ხშირად პროტესტის დისკრედიტაციის, ასევე ინდივიდუალური პოლიტიკოსებისა და სხვა საჯარო პირების დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდებოდა. იგი დომინირებდა უკრაინისა და ოლიმპიადის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციაშიც.
  • დეზინფორმაციისა და მანიპულაციის შემთხვევები მეტწილად სქესის შეცვლასთან, კანონმდებლობასთან, სექსუალურ და სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებულ თემებზე იჩენდა თავს — ისეთ საკითხებზე, რომლებიც ინტერპრეტაციების შესაძლებლობას იძლეოდა.
  • თუ წინა წლებში იდენტობასთან დაკავშირებული თემების ინსტრუმენტალიზაციას ძირითადად კრემლისტური და ულტრამემარჯვენე აქტორები რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ახდენდნენ, 2024 წელს ამ პროცესში სახელისუფლებო მედიის როლი მეტად გამოიკვეთა. შესაბამისად, იდენტობის თემაზე უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირების და ჩარევის (FIMI) ტენდენციას ადგილობრივი პროპაგანდა და სახელისუფლებო რესურსების სრული მობილიზება დაემატა.
  • თემატური თანხვედრა ქართულ სახელისუფლებო მედიას, კრემლისტურ აქტორებსა და რუსულ პროპაგანდისტულ არხებს შორის ისეთ საკითხებზე გამოიკვეთება, როგორიცაა სამოქალაქო და სექსუალური განათლების გათანაბრება იდენტობის დაკარგვასთან; დასავლეთის/დასავლელი საჯარო პირების წინააღმდეგ ჰომოფობიური დეზინფორმაცია; უკრაინის დისკრედიტაცია.
  • პროტესტის, ოპოზიციის, აქტივისტებისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია ყველაზე აქტიურად ანონიმური სახელისუფლებო ფეისბუქანგარიშების მეშვეობით ვრცელდებოდა.
  • სახელისუფლებო მედიებიდან ყველაზე მეტად იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის გავრცელების მხრივ „პოსტვ“ გამოირჩეოდა, რუსულენოვან პროპაგანდისტული მედიებიდან კი ყველაზე ხშირად იდენტობის თემატიკაზე დეზინფორმაციის წყარო ТВ Царьград იყო.
  • ქართული ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ანონიმური ფეისბუქანგარიშები, წინა წლების მსგავსად, კრიზისულ სიტუაციებში პოლიტიკური თემებიდან ყურადღების იდენტობის თემებზე გადატანას ცდილობდნენ.