„მდგომარეობა მძიმეა“ | ომბუდსმენის კონსილიუმის წევრები სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

პუბლიკა

სახალხო დამცველთან შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმმის წევრებმა, რომელებმაც 4 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოინახულეს, დღეს დასკვნა წარმოადგინეს.

ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ოთხმა ექიმმა უშუალოდ გასინჯა მიხეილ სააკაშვილი, ასევე, ისინი გაეცნენ სამედიცინო ჩანაწერებს. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ნინო ლომჯარიას თქმით, მომზადდა დასკვნა, თუმცა ეს ვერ იქნება ყოვლისმომცველი.

ბრიფინგზე ისაუბრა ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ და აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობას აფასებენ როგორც მძიმეს.

„მდგომარეობის გაუარესება გამოიხატება წონის კლებაში, კოგნიტური ფუნქციების გაიარესებაში. გამოიხატა ასევე კუნთების განლევა, ასევე, სისუსტე, პაციენტი ვერ დგება ან დახმარებით დგება, უჭირს კონტაქტში შემოსვლა. აქვს ცხელება, ყველაფერმა ამან მოგვცა უფლება, რომ გვესაუბრა ისეთ მძიმე გართულებაზე ამ შიმშილობისა, რომელიც არის კახექსია. ეს არის ინფლამატორული პროცესისი საბოლოო გართულება, რომლის დროსაც ხდება ნივთიერებათა ცვლის კიდევ უფრო აჩქარება, ჰიპერკატაბოლიზმი ჰქვია ამას. მდგომარეობის მკვეთრი დამძიმებაა მოსალოდნელი, ის ახლა შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიით, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს”, – განაცხადა მან.

როგორც თენგიზ წულაძე ამბობს, მიიჩნევენ რომ ის საზღვარგარეთ შესაბამის მრავალპროფილურ სამკურნალო დაწასებულებაში უნდა გადაიყვანონ, სადაც ამგვარი პაციენტის მკურნალობის მეტი გამოცდილება არსებობს. ნევროლოგი ამბობს, რომ როდესაც პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ამგვარი მკურნალობით და არსებულ კლინაში, ზომებია მისაღები.

მან ასევე განაცხადა, რომ არ დარჩა შთაბეჭდილება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იღებს საკვებს ან შიმშილობს, უფრო მას უჭირს საკვების მიღება.

ბრიფინგზე ისაუბრა ასევე ექიმმა გია ხურციძემ. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან სწრაფად იკლებს წონაში და სექტემბრიდან დღემდე 25 კილოგრამი აქვს დაკლებული.

„ამ დინამიკით რომ გაგრძელდეს, სადღაც 50-51 კგ-ზე ჩამოვა სამი-ოთხი თვის განმავლობაში. ეს არის უკვე ის კრიტიკული ზღვარი როდესაც  იწყება ორგანოების დაზიანება და შეუქცევადი ცვლილებები ორგანიზმში, “- თქვა მან.


„ვივამედის” კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია და გრძელდება მკურნალობა დაავადებიდან გამომდინარე.

მისი თქმით, ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა დასჭირდეს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა, არასწორია, ვინაიდან ამისთვის საჭირო მონაცემები პაციენტს არ აღენიშნება.