მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, ვითხოვთ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას - ადვოკატი ჩიკვაიძეზე

პუბლიკა

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. „ტვ პირველთან“ საუბარში უფლებადამცველი ამბობს, რომ ჩიკვაიძე ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, გაუარესებული აქვს მხედველობა და ამ დრომდე დადგენილი არაა დიაგნოზი. ადვოკატის განცხადებით, ითხოვენ ჩიკვაიძე სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

ჩიკვაიძე ციხის კლინიკაში 20 მარტს გადაიყვანეს. ჩიკვაიძე კვირაზე მეტია შიმშილობს, მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ ახლობლებიც.

„მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება ყოველდღიურად. მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, გადაადგილდება ეტლით. მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და დაყრდნობა არ შეუძლია, შესაბამისად, დღეს უკვე მხედველობაც გაუარესებული აქვს და ფოკუსირება უჭირს. ანალიზები ჩატარებული აქვს, კვლევები, მაგრამ დიაგნოზი არ არის ჯერჯერობით, არ ვიცით თუ რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა. უშუალოდ დიაგნოზი არ ვიცით და შესაბამისად, მკურნალობაც არ არის ჯერ დასახული, როგორ უნდა იმართოს მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. ამ ეტაპზე მოხდა მისი გადაყვანა მე-18 დაწესებულებაში, შესაბამისად, ჩვენ უკვე მივმართეთ განცხადებით, რომ გიორგის გადაყვანა მოხდეს სამოქალაქო კლინიკაში, რათა დროულად მოხდეს დიაგნოზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდეს“, – თქვა ადვოკატმა, თემურ ადონიამ.

11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეცვალა და ის სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. ჩიკვაიძეს და პაპიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.