მდინარაძე: ბიურო შეგნებულად არ გაიმართა, ეს იყო პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ

პუბლიკა

პარლამენტში 10 საათზე დაგეგმილი ბიუროს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ბიუროს სხდომაზე ინსპექტორის სამსახურის შესახებ „ლელოს“ ალტერნატიული კანონპროექტი უნდა განეხილათ. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ბიუროზე „ოცნება“ არ მივიდა, რათა არ დაეშვა „ლელოს“ ალტერნატიული პროექტის განხილვა. აღნიშნულზე კომენტარი მედიასთან უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემაც გააკეთა. მისი თქმით, ბიურო შეგნებულად არ გაიმართა და იყო პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ.

„ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენმა ოპონენტებმა გადაწყვიტეს, პროცედურული მექანიზმების გამოყენებით მაქსიმალურად გაეწელათ დრო, ჩვენც ამას დავუპირისპირეთ ჩვენი მოქმედება და ბიუროსთვის განსაკუთრებული მობილიზაცია არ მოვახდინეთ, შეიძლება ითქვას, შეგნებულად. ბიუროს სხდომა ჩავარდა კვორუმის არარსებობის გამო. ვერ მოვატყუებთ საზოგადოებას, რომ ვცადეთ და ბიურო ვერ ჩავატარეთ.

ასეთი მცდელობა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. რამდენიმე გამოვცხადდით, მაგრამ ბიურო შეგნებულად არ გაიმართა. ეს იყო პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ, რომელმაც გადაწყვიტა, დრო გაეწელა. რაც შეეხება იმას, როგორ გაგრძელდება ამ საკითხზე მსჯელობა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი იგივეა, ანალოგია, სიტყვა-სიტყვით იგივეა.

მან წარმოადგინა ინსპექტორის კანონპროექტი, ამას ბევრი შეფასება არ სჭირდება. ეს ცუდი პრეცედენტია, ოპოზიციას შეეძლო თუნდაც დროის გაწელვისთვის წარმოედგინა თავისი ალტერნატიული კანონპროექტი, თუმცა მან წარმოადგინა ინსპექტორის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ზუსტი ანალოგი.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტმა შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განიხილება ძირითად კანონპროექტთან ერთად.

რეგლამენტის მიხედვით, წამყვანი კომიტეტი ალტერნატიული კანონპროექტის ინიციატორის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას პირველი მოსმენისათვის შეჯერებული ვარიანტის წარდგენის თაობაზე. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, პირველი მოსმენისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება ძირითადი კანონპროექტი და ალტერნატიული კანონპროექტი. პარლამენტი დადგენილებით წყვეტს ერთ-ერთი მათგანის საფუძვლად მიღების ან უარყოფის საკითხს. განხილვის დროს მომხსენებლად გამოდის ჯერ ძირითადი კანონპროექტის მომხსენებელი, ხოლო შემდეგ – ალტერნატიული კანონპროექტის მომხსენებელი. თითოეული მომხსენებლის მოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. ამის შემდეგ კენჭი ეყრება შესაბამისი დადგენილების პროექტს.