მდინარაძე ელისაშვილზე: „შეკვეთილი პროვოკაციაა, ძალით კაცის შესრულებით“

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ალეკო ელისაშვილის თავდასხმას შეკვეთილ პროვოკაციას უწოდებს.

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს მუშტი  იმ დროს ჩაარტყა, როცა ის რუსულ კანონზე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა.

„ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში ზის და ცხოვრებაში ვერ გამიბედავდა ამას, გარდა იმ „კაცის“, რომელიც დიდი ხანია, მიცნობს, ყველას ჩვენი თავმოყვარეობა გვაქვს, მაგრამ მე პასუხისმგებლობა მაკისრია, როგორც უმრავლესობის ლიდერს და უნდა გავაგრძელო საქმე.

ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, თავისი რწმენა და ამის გამო ქართველებმა რუსები არ უნდა ვეძახოთ, თორემ მერე სარგებლობენ ასეთი არამზადები და ვითომ კაცობენ და ამას საკადრისი პასუხი გაეცემა, მაგრამ მე მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდით, მაგრამ დასრულდება და პასუხს გავცემთ, მაგრამ ეს ვითომ კაცობას და ასეთი ტიპის მიპარვით ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას სჯობს ის ცრუ ნარატივი, რომელსაც აგერ ვხედვათ ჩვენს მიმართ. ვისზე ნაკლები პატრიოტები არიან უმრავლესობის წევრები და მართლა რუსული ინტერესების გამტარებლები არიან? შევაკვდებით ჩვენ პირველ რიგში, რომ იცოდეთ, მე პირადად შევაკვდები“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ელისაშვილის ქმედება დაგეგმილი პროვოკაციაა და ამის მაგალითად მან მოიყვანა, მისი თქმით, მესიჯი, რომლითაც ის გააფრთხილეს პროვოკაციებზე.

„ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებით,“ – ამბობს მდინარაძე.

ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაესხა თავს. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მდინარაძე დილიდან რუსულ კანონს წარადგენს. ელისაშვილმა მას სახეში მუშტი სწორედ ამ წარდგენისას ჩაარტყა.