მდინარაძე მედიის კანონზე: ერთადერთი რამ იცვლება, თვითრეგულირება გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები რეგულაციების შინაარსს არ ცვლის, იცვლება რეგულაციის აღსრულების მექანიზმი – ის, რაც ამ დრომდე იყო თვითრეგულირებული, გადადის სახელმწიფოს ხელში.

„ის, რაც იყო დღემდე რეგულაციის სახით, არ იცვლება არც ერთი პუნქტი. ოღონდ ეს ყველაფერი მოქცეული იყო თვითრეგულირებაში, რაც არ ხორციელდებოდა, შესაბამისად, თვითრეგულირების არგანხორციელებამ შექმნა მკვდრად შობილი ნორმები, თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებდა.

ტელევიზიები, მაგალითად, თვითრეგულირების ნაწილში იყვნენ აბსოლუტურად ინერტულები და როგორც აღმოჩნდა და ჩვენ ეს კარგად შევისწავლეთ, ბრიტანული ნორმებიდან იყო ძირითადი ნორმები გადმოტანილი, რაც თქვენ, ყველა ჟურნალისტს ნაღიარები გქონდათ. ახლა ერთადერთი რამის შეცვლა, რომ თვითრეგულირებიდან ეს გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში.

ნორმა არ იცვლება. რაც ყველა ჟურნალისტს საქართველოში აღიარებული ჰქონდა, ეს ნორმები გადმოვა რეალურ ცხოვრებაში და მის აღსრულებაზე კონტროლს დააწესებს სახელმწიფო, რადგან თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებს“, – განაცხადა მდინარაძემ.


მედიის თვითრეგულირების მექანიზმები არის სახელმწიფოს ჩარევისგან დაცვის საშუალება, რომელიც ქმნის მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის საფუძველს. ამავე დროს მედიის შიდა თვითრეგულირების თუ პროფესიული გაერთიანების მექანიზმი ხელს უწყობს მედიის ეთიკის სტანდარტების დაცვას და ზღუდავს გადაცდომებს.

მედიის მუშაობის სახელმწიფოს მიერ რეგულირება ქმნის მედიის ცენზურისა და გამოხატვის შეზღუდვის საფრთხეს.


„ოცნებას“ მაუწყებლობის კანონში ორი ცვლილება შეაქვს.

ერთი ცვლილება კრძალავს „უცხოური ძალისგან“ მაუწყებლის დაფინანსებას, მეორე კი – მაუწყებელს განუსაზღვრავს მუშაობის სტანდარტებს და აფართოებს კომუნიკაციების კომისიის როლს

ვინ არის „უცხოური ძალა“ და რა სახის დაფინანსება იკრძალება

უცხოური ძალა არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ორგანო ან ორგანიზაცია, რომელიც სხვა სახელმწიფოსთანაა კავშირში

იკრძალება უცხოური ძალისგან ფულის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის  მიღება

იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, პროგრამის მომზადების, ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება

მცირდება მაუწყებლის თვითრეგულირების როლი და იზრდება კომუნიკაციის კომისიის უფლებამოსილება

მოქმედი კანონით, ფაქტების სიზუსტეზე, პასუხის უფლებაზე, სამართლიანი გაშუქების უფლებაზე და სხვა საკითხებზე მაუწყებლის წინააღმდეგ საჩივარი თვითრეგულირების მექანიზმს ექვემდებარება

შემოთავაზებული ცვლილებით, ეს საკითხები შეიძლება გასაჩივრდეს როგორც თვითრეგულირების მექანიზმში, ასევე კომუნიკაციების კომისიაში

„ხარისხიან და ობიექტურ მაუწყებლობასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა“

მოქმედ კანონში პირს, რომლის კანონიერი ინტერესები, სახელი და რეპუტაცია შესაძლოა, შეილახოს მცდარი ფაქტის გაშუქებით, აქვს პასუხის მოთხოვნის უფლება, ხოლო მაუწყებელს აქვს უფლებამოსილება, გარკვეული შემთხვევაში, უარი უთხრას მას პასუხზე. მაუწყებლის უარი შესაძლოა, გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში.

ცვლილებების მიხედვით პირს, რომლის ინტერესებიც შესაძლოა, შეილახოს, პირდაპირ ეძლევა საჩივრის შეტანის უფლება და ასევე მაუწყებლისთვის პასუხის უფლების მოთხოვნის უფლება.

მუხლი აღარ ითვალისწინებს მაუწყებლის უფლებამოსილებას პასუხზე უარის შესახებ.

დაუშვებელი ხდება ახალი ამბების გადაცემისას დადგმების და ინსცენირების გამოყენება

დაუშვებელი ხდება პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის მონაწილეობა ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამაში წამყვანის ან ჟურნალისტის სახით

დაუშვებელი ხდება საინფორმაციო პროგრამებში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციის გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე

დაუშვებელი ხდება რომელიმე პარტიის თუ ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა

საავტორო გადაცემაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება. პირს, რომლის მიმართაც ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული პასუხის გაცემის საშუალება

საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მომზადებისას აუცილებელი ხდება უფლებამოსილი პირის თანხმობა

სკოლებში, საავადმყოფოში, ციხეებში, პოლიციაში ან სასწრაფოში სიუჟეტის მოსამზადებლად სავალდებულო ხდება თანხმობის მიღება როგორც უფლებამოსილი პირისგან, ასევე იმ პირებისგან, რომელსაც უღებენ

ორივე შემთხვევაში გამონაკლისად საზოგადოებრივი ინტერესია მითითებული

კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც ფარული მეთოდით მოპოვებულ ინფორმაციას არეგულირებს

პროექტში აღნიშნულია, რომ ფარული მეთოდის გამოყენება გამართლებულია, როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული და აუცილებელია სიზუსტის უზრუნველსაყოფად

ფარულ ჩანაწერად შესაძლოა განისაზღვროს როგორც ვიდეო- და აუდიოჩაწერა, ასევე სატელეფონო საუბარი, როდესაც ჩაწერის შესახებ რესპონდენტი ინფორმირებული არაა

კანონპროექტი განმარტავს, რომ ჟურნალისტს სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება მხოლოდ მას შემდეგ აქვს, რაც რესპონდენტს განუმარტავს, რომ ზარი იწერება და შესაძლოა, გამოქვეყნდეს

კანონში ჩნდება ნორმები, რომლებიც დაარეგულირებს შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან სხვა საგანგებო ვითარების გაშუქებას და არასრულწლოვნების დაცვის საკითხებს.