მდინარაძე: ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, პოლიტიკაში აწი რაც არ უნდა „გამაზოს", გვეყვარება

პუბლიკა

„ქართული ოცნების” დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ აცხადებს, რომ მან მომავალში პოლიტიკაში „რაც არ უნდა გამაზოს”, მისი მხარდამჭერი იქნება. გუშინ ქოჩორაშვილის მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ ინსტაგრამ-სთორიზე მდინარაძე ამბობს, რომ ფეხბურთელმა დისშვილის ფოტო დადო და „მთელი ნაცმოძრაობა აჟიტირდა”.

„ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია და ისეთი პენალტი გაიტანა და ისეთებს გაიტანს კიდევ, პოლიტიკაში აწი რაც არ უნდა გამაზოს, მაინც გვეყვარება ყველას, ყველა ქართველს. ისეთი მაგარი კაცია, ისეთი მაგარი ფეხბურთელია და ისტორია შექმნა, პოლიტიკაში მომავალში რაც არ უნდა გამაზოს, არასწორი რაღაც მესიჯი რომ გაახმოვანოს – ეს არ ყოფილა, მაგრამ ასეც რომ მოხდეს – მე პირადად მისი გულშემატკივარი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე.

რაც არ უნდა თქვას, ხომ არ გაუხმოვანებია, როგორც გავიგე, დისშვილის ფოტო დადო, რაც მინიშნებად მიიღეთ და აჟიტირდით მთელი ნაცმოძრაობა. მაგრამ კიდეც რომ მართლა მინიშნება ყოფილიყო, მაინც მისი მხარდამჭერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე, პერსონალურადაც და ნაკრების ყველა ფეხბურთელის.

იქ ვიღაც ჩვენი მხარდამჭერი იქნება, ვიღაც არ იქნება, საერთოდ არ მაინტერესებს. და მოვუწოდებ ყველას, იმ სიბინძურეში, რასაც შავი ფულისთვის ბრძოლა ჰქვია, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის შელახვისთვის ბრძოლა ჰქვია, ამ ხალხს ნუ გავრევთ… არაფერი არ გაუმაზია საერთოდ, რომც გამაზოს აწიც”, – აღნიშნა მდინარაძემ.

რაც შეეხება ქოჩორაშვილის მამას და დღეს კალაძის მიერ მასზე გაკეთებულ განცხადებას, მდინარაძე ამბობს, რომ თუ ქოჩორაშვილის მამა გახარიას პარტიის წევრია, ეთანხმება კალაძეს, რომ მაშინ ის „ნაცმოძრობაა”.

„თუ ეს ადამიანი [მამა] გახარიას პარტიის წევრია, მეც ვეთანხმები, რომ ნაცმოძრაობაა, კი. მაგრამ მამა, დედა, ბებია, სადაც არ უნდა იყოს პარტიაში, კი არა, თვითონ ფეხბურთელი, რომ რაღაც წარმოდგენის იყოს ჩვენთვის მისაღების ან მიუღებლის, ნებისმიერი შემთხვევაში, თითოეული მათგანის გულმხურვალე მხარდამჭერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე”, – განაცხადა მან.