მდინარაძე რძის ექსპორტზე: ეს ამბავი კარგად გამოადგათ „მთავარ არხს“, „ნაცმოძრაობას“, ყველაფერი ნათელია

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის დაშვებაზე ისაუბრა.

„2020 წელს გაგზავნილი წერილის პასუხი ორი დღის წინ ამ სიტუაციაში რომ მოდის, ალბათ, აქ ყველაფერი გასაგებია. თაროზე შემოდებული რაღაც წერილი არავის გახსენებია და ახლა ვიღაცამ გადმოიღო, შესაბამისმა უწყებამ რუსეთიდან და გამოგზავნა წერილი.

შემდეგ კარგად გამოადგათ ეს ამბავი „მთავარ არხს“, „ტვ პირველს“, „ნაცმოძრაობას“ და ა.შ. შიგნით წარმოებული ისტერიული კამპანიის პარალელურად, ერთი მხრივ, გავრილოვის ინტერვიუები. გუშინაც, რატომღაც, 450 დეპუტატიდან მაინც და მაინც გავრილოვმა გამოიჩინა თავი და განცხადებები აკეთა. ახლაც, რატომღაც, წერილიც მოვიდა რომ კი, ბატონო რა კარგი ყოფილა თქვენი რძის პროდუქტებიო. გაახსენდათ 2 წლის თავზე და ა.შ. ყველაფერი ნათელია.“ – განაცხადა მდინარაძემ.

———————————-

ცნობილია, რომ რუსეთმა საქართველოდან 15 კომპანიას რძის პროდუქტების ექსპორტის ნებართვა მისცა. საქართველოში ოფიციალური სამსახურების ცნობით, რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტზე მუშაობა 2020 წელს დაიწყო.

“რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორმა კახაბერ კონიაშვილი “რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს შორის ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა ამბობს, რომ დღეს არსებულ ვითარებაში ქართული რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების მთავარი ამოცანა ადგილობრივი ბაზრის უზრუნველყოფაა პროდუქციით. “რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია” 20-ზე მეტ კომპანიას და ინდ.მეწარმეს აერთიანებს.