მდინარაძე რეზოლუციაზე: ერთადერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება იყოს კლასიკური ან პოლიტიკური კორუფცია

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ მასში შესწორებების შეტანის შემდეგ რეზოლუცია გაუფასურდა, რადგან ეს შესწორებები რეზოლუციის ტექსტში ლობისტებმა შეიტანეს.

„ის ფსევდო საქართველოს მოყვარული ადამიანები, რომლებიც თითქოს საქართველოს საქმეს აკეთებენ, მაგრამ საბოტაჟს უწყობენ ევროინტეგრაციის პროცესს, მე ფიქრობ, რითიც შეიძლება გამართლდეს მათი მოქმედება, შეიძლება ამის საფუძველი იყოს კორუფცია და სხვა, სხვა ახსნა უკვე ასეთ მავნებლობას აღარ აქვს. ერთადერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს კორუფცია, მათ შორის, პოლიტიკური კორუფცია, არ არის აქ მხოლოდ ფინანსებზე საუბარი“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეკითხვაზე, რას გულისხმობს კორუფციაში, მდინარაძემ განმარტა, რომ ერთადერთი ახსნა, ამ შესწორებების რეზოლუციის ტექსტში შეტანისა შეიძლება იყოს ან კლასიკური გაგებით კორუფცია, ან პოლიტიკური კორუფცია იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც დააკაშვილის გათავისუფლებას „დაჟინებით ლობირებენ“

„ბოლოდროინდელი მოვლენებიც ამას ადასტურებს“, – განაცხადა მან.

შეკითხვაზე, კონკრეტულად რომელ ევროპარლამენტარებს გულისხმობს, მდინარაძე ამბობს:

„აქ შეიძლება საქმე გვქონდეს საქმე კორუფციასთან, როგორც კლასიკური გაგებით, ისე პოლიტიკური, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ასე დაჟინებით, ჯიუტად, მტკიცებულებების გარეშე ლობირებენ სააკაშვილის გათავისუფლებას და ამას აკავშირებენ ბიძინა ივანიშვილთან და მის შესაძლო დასანქცირებასთან. სახელებზე ვერ ვილაპარაკებ, შეიძლება გამომრჩეს ან ზედმეტი წამოგვცდეს ვინმეს, მაგრამ თუკი ვინმე ამით ასეა დაინტერესებული, რომ მაინცდამაინც ეს კავშირი შეკრას ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, ფეიკზე დაყრდნობით, ამის ახსნა შეიძლება იყოს კორუფცია, მათ შორის, პოლიტიკური“, – განაცხადა მან.

მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ ის საქართველოს მტრებს შორის არ გულისხმობს ყველა დეპუტატს, რომლებმაც კენჭისყრაზე დოკუმენტს მხარი დაუჭირა, მხოლოდ მათ, რომლებმაც ტექსტში შესწორებებს ლობირება გაუწია.


გუშინ ევროპარლამენტარის, სვენ მიკსერის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას შეეხება, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას კენჭი ეყარა მასში შესული ახალი შესწორებებით.

რეზოლუციაში შესული ერთ-ერთი შესწორების თანახმად, ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების კონტექსტში, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, „მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის, პირადი სანქციების დაწესება ივანიშვილსა და ყველა იმ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე“.

გარდა ამისა, შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია.