მდინარაძე შავ ფულს უწოდებს არა დამალულ, არამედ „ოფიციალურად გადმორიცხულ ფულს"

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ როდესაც საუბრობენ დონორებისგან შემოსულ შავ ფულზე, აქ საუბარი არაა სისხლის სამართლის კატეგორიის შავ ფულზე, საუბარია იმ ფულზე, რომელიც ოფიციალურად ირიცხება, თუმცა უცნობია მისი ოდენობა და მიზნობრიობა.

ეს განცხადება მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად გააკეთა.

ჟურნალისტი დაინტერესდა – „თუ შავი ფული შემოდის, შესაბამისი ორგანოები რატომ არ აწარმოებენ გამოძიებას, თუკი შავი ფული შემოდის, სადაა ამ დროს სახელმწიფო ინსტიტუტები?“.

მამუკა მდინარაძემ კი უპასუხა:

„შავი ფული – თქვენ სისხლის სამართლის კატეგორიის შავ ფულზე ლაპარაკობთ და ერთი 4-ჯერ უკვე განვმარტე – ან არ იცით, ან იცით და სპეციალურად აკეთებთ ამას. თუ სპეციალურად აკეთებთ, ნუ ატყუებთ ხალხს. თუ არ იცით, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ამ შემთხვევაში შავ ფულს იცით რას ვეძახით? ფულს, რომელიც მოდის ოფიციალურად, ფორმალურად ირიცხება, ოღონდ არც ჩამრიცხველი ვიცით წესიერად ვინ არის, არც რაოდენობა ვიცით, რამდენია და მით უმეტეს არ ვიცით, რაში იხარჯება. ეს არის ამ ფულის სიშავის ელემენტი და მახასიათებელი ამ შემთხვევაში.

იმ შავ ფულზე კი არ ვლაპარაკობ, რომელიც არ ჩანს და უწოდებენ შავ ფულს. ამ შემთხვევაში იმ შავ ფულზეა ლაპარაკი, რომელიც სადღაც იხარჯება და არ ვიცით, რამდენია და რა მიზნობრიობის არის. არ დავუძახოთ ამას შავი ფული? ესეც შავი ფული არის თუ არ არის? ხომ მეთანხმებით? თუ, მაგალითად, იხარჯება თქვენ მიერ რაღაც თანხა, რომელიც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს არავის, სად იხარჯება, დავარქვათ ამას შავი ფული თუ არა? ხომ გვაქვს უფლება? გინდა შავი ფული დაარქვი, გინდა გაუმჭვირვალე. გაუმჭვირვალე, შავ ფულზე ვლაპარაკობთ“, – განაცხადა მან.

ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც:

„როდესაც ვსაუბრობთ შავ ფულზე, აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ საგადასახადო მნიშვნელობით შავ ფულზე. აქ ვგულისხმობთ შავ ფულზე, ფულზე, რომელიც უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის და ისე იხარჯება, იმისთვის, რომ თავს მოახვიონ გარკვეული აზრები“, – ამის შესახებ განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ოზურგეთში ჟურნალისტებთან საუბრისას.