„ქართული ოცნების” დეპუტატის მამუკა მდინარაძის თქმით, უპატრონო ძაღლებთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღება იგეგმება.
„საქართველოს მასშტაბით უპატრონო ძაღლების რაოდენობა მერყეობს 300-დან 350 ათასამდე. ჩვენ ვიწყებთ სახელმწიფო პროგრამას, ამ ცხოველების შესაბამის ბაზებში შეყვანას და იმ პროცედურების დაცვას, აღსრულებას, რაც ამ უპატრონო ძაღლების გამრავლების პრევენციას მოახდენს.
ასევე, ავამუშავებთ ამ მიმართულებით ელექტრონულ პროგრამას და მივიღებთ მარეგულირებელ კანონს, რომლის მიხედვითაც გაადვილდება ძაღლის მეპატრონის მიკვლევადობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, უპატრონოდ ძაღლის მიგდება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯადი იქნება.
„ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც ასე მარტივად ცხოველის გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი. ყველა ადამიანი ვალდებული იქნება, მიკვლევადობა უზრუნველყოს თავის ცხოველთან მიმართებით, ე.წ. დაჩიპვა, ისეთი ნიშანი დაადოს, რომ შემდეგ გარეთ აღმოჩენილი ცხოველის იდენტიფიცირება იყოს შესაძლებელი და ასე უპატრონოდ, მაგალითად, ძაღლის მიგდება იქნება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯადი…
მართლა არ შეიძლება, რომ აღარ მოგეწონა და ხვალ არაერთი ლეკვი შენი ძაღლის, რომელიც სახლში გყავს, სადღაც გარეთ დაყარო. ერთი მხრივ, ეს არ არის მთლად მორალური საქციელი და მეორე მხრივ, ამ ძაღლების გარეთ მიტოვებით პრობლემა შეუქმნა საზოგადოებას.
მოკლედ, ამ საკითხის გადაჭრა ამ და სხვა შესაბამისი ნორმების მიხედვით იქნება შესაძლებელი, თუმცა ზოგადად, ეს ერთდღიანი, ერთთვიანი ან მცირეხნიანი პროცედურა არ არის, ამას სჭირდება წლები, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ამ თემაზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.