მდინარაძის განცხადებით, ჰომოფობიური კანონპროექტი მიმდინარე კვირაში დაინიცირდება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჰომოფობიური კანონპროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაინიცირდება.

„მიმდინარე კვირაში, როგორც უკვე ჩვენ ორი კვირის წინ დავაანონსეთ და გამოხმაურება ჩვენი ოპონენტების მხრიდან არ ყოფილა, გარდა ირიბი დათანხმებისა ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგომაზე, ჩვენ დავაინიცირებთ ამ კვირაში კანონპროექტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“,- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ამ თემით უკვე დაინტერესდნენ მათი ოპონენტები და „ემზადებიან ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად“.

„ტრენინგები გაიმართა „პრაიდის“ ორგანიზებით და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით, რაზეც „პრაიდის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა სემინარი, ხოლო გაეროს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს სემინარი, რომელიც უმცირესობების უფლებებს ეხებოდა.

სინამდვილეში კი, არა უფლებები, სასაუბრო თემა გახლდათ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა და ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტების მხრიდან წინასწარვე გახმოვანდა. მოვუწოდებთ როგორც გაეროს განვითარების ფონდს, ისე სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რეალურად რა აქტივობებს აფინანსებენ და რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების გადასახადის გადამხდელთა ფული“, – თქვა მდინარაძემ.

29 თებერვალს მდინარაძემ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება „მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.“

მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ „ფესვდოლიბერალური იდეოლოგიის“ პროპაგანდას აქტიურად უნდა დაუპირისპირდნენ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოიყენონ.