მდინარაძის შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლის ტონი შერბილებული იყო

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხალხის სწორი რეაქციის შედგად, ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ტონი შერბილებული იყო.

„ოპოზიცია უკმაყოფილოა ერთადერთი რამის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ ნარატივში ბოლომდე არ ჩაჯდა. დღეს თქვენთან საუბარში ვივარაუდე, რომ პრეზიდენტს პოზიტიური გამოსვლა ექნებოდა. ეს პროგნოზი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ამას ხალხის რეაქცია უზრუნველყოფდა.

ეს ასე მოხდა – შერბილებული ტონი უზრუნველყო ხალხის აბსოლუტურმა სწორმა რეაქციამ. ალბათ, სალომე ზურაბიშვილს უნდა ავუხსნათ, რომ როცა გამოდის საქართველოს პარლამენტში, ასევე 26 მაისის ღონისძიებაზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეს ყველაფერიც გადის. 2023 წელს თანამედროვე ტექნოლოგიები იმის საშუალებას იძლევა, რომ უცხოელებმა საქართველოში გამოსვლებიც გაიგონ. აქ სხვანაირი ლაპარაკი და იქ შედარებით დაბალანსებული ერთი და იმავეა.

ჩვენი პარტნიორები ამ ყველაფერს ისმენენ. უნდა ვთხოვოთ, რომ თუ მას შეუძლია, შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს, შეუძლია, იგივე საქართველოშიც გააკეთოს. ამის საპირისპირო გააკეთა პარლამენტსა და 26 მაისის ღონისძიებაზე, რაც ცუდი იყო, მაგრამ დღეს ტონი გაცილებით დარბილებული იყო, შედარებით დაბალანსებული, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო. ხალხზე აქცენტირებას აკეთებდა, ეს გარკვეული მესიჯბოქსის ნაწილია, მაგრამ არაუშავს. მთავარია, ყველა უმაღლესი ტრიბუნიდან ისმოდეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ყველა დანარჩენი არის დეტალები, რასაც შეიძლება შედარებით მნიშვნელობა აღარ მივანიჭოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. ის სიტყვით გამოსვლისას შეეხო შეწყალების დისკრეციულ უფლებამოსილებას და აღნიშნა, რომ ის უნდა განხორციელდეს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე.