მძიმე პროვოკაციას გეგმავთ, ქალი დეპუტატები, გაფრთხილებთ, უპასუხოდ არ დარჩება - მდინარაძე

პუბლიკა

„მძიმე პროვოკაციას გეგმავთ, ვიცით ამის შესახებ, განსაკუთრებით ქალი დეპუტატების მხრიდან, გაფრთხილებთ, რომ უპასუხოდ არ დარჩება ეს მძიმე პროვოკაცია და არ შეიძლება, ასეთი მეთოდებით, თქვენ რასაც გეგმავთ, ასეთი სიბინძურის არც მოფიქრება, არც გათეთება და არც დაგეგმვა არ შეიძლება და დანარჩენი ვნახოთ“,– განაცხადა  მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

მდინარაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა დეპუტატი სალომე სამადასვილი და პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ჰკითხა, მას როგორც თავმჯდომარეს რა პასუხი აქვს მდინარაძის განცხადებაზე.

„უმრავლესობის ლიდერმა (ალბათ კობახიძემ მისცა ინსტრუქცია) გამოაცხადა, რომ დეპუტატ კაცებსო ხომ ვცემთო ამ პარლამენტშიო, გამაგრებული ხომ არიან გარეთ მთელი პოლიცია, ჯარი ამათ რომ იცავს, და ახლა ქალებზეც გადავალთო თუ არ გაჩუმდებითო. მე მაინტერესებს თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯომარეს ამაზე როგორი პასუხი გაქვთ? რას ეუბნებით?“,- მიმართა სამადაშვილმა პაპუაშვილს.

საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შალვა პაპუაშვილს შესთავაზა, რომ უმჯობესია დღესვე დაიწყონ „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტების განხილვა.

მმართველმა პარტიამ გუშინ განაცხადა, რომ რუსული კანონპროექტების განხილვას პლენარულ სხდომაზე 9 მარტს დაიწყებდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შემოთავაზება მისაღებია და კარგი იქნება, დღესვე დაიწყონ განხილვა დროის მოგების მიზნით.

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რუსული კანონპროექტების განხილვა პლენარულ სხდომაზე შესვენების გამოცხადების გარეშე დაიწყეს.