მე აქ დავრჩები, კარავსაც გავშლი და ბანერსაც დავდგამ - მაჩალიკაშვილი

პუბლიკა

„რაც არ უნდა გააკეთონ, ვახაში ღირსებას ვერ წაშლიან. მე აქ დავრჩები, კარავსაც გავშლი და ბანერსაც დავდგამ. მე მაქვს უფლება, გამოვთქვა ჩემი პროტესტი”, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„იმ კარავში, მე თემირლანს ვხედავ, ის კარავი აქ უნდა იდგეს, ისიც ისეთი ბავშვია, როგორც აქ უნდა მოვიდნენ სხვა ბავშვები, მაგრამ არ მგონია აქ ბავშვი მოვიდეს”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, გუშინ მერიამ დრო იხელთა, როდესაც ის წასული იყო პანკისის ხეობაში და კარვები სწორედ მაშინ დაშალა.

„რომელი ერთი გავაკეთო? მოკლულ შვილს მივხედო, ამ ხელისუფლებას ვებრძოლო სამართლიანობისთვის, ტყვედ გამოკეტილ ძმისშვილს მივხედო თუ ოჯახს? უკვე აღარ ვიცი… მე მგონი, ივანიშვილის მთავრობას დავალება აქვს მთელი მსოფლიოსგან, რომ დაადგინონ ადამიანში რამდენი ძალა და გამძლეობაა”, – ამბობს მაჩალიკაშვილი.


წუხელ მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის შენობის წინ არსებული კარვები და აქციების ატრიბუტიკა წაიღო, შემდეგ კი ტერიტორია მორეცხა. სატვირთო მანქანით ადგილზე საბავშვო ატრაქციონები მიიტანეს.

პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „სირცხვილიას” აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იყვნენ შეკრებილები. დაპირისპირება მოხდა პოლიციასთანაც. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 9 პირი.