მე არ მაქვს ბევრი დრო, რომ 4 საათი სადღაც დამაყუდონ. მომიყვანეთ ხოლმე დროზე - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესზე სიტყვით გამოსვლისას უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ის დღეს სასამართლოში 3 საათით ადრე მიიყვანეს და პროცესი ასევე 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

როგორც მან აღნიშნა, მას არ აქვს ფუჭად დასაკარგი დრო და მოითხოვა, რომ შემდეგ პროცესზე დროულად გადაიყვანონ სასამართლოში და რომ პროცესზე ყველა დროულად გამოცხადდეს.

„ამ სასამართლო დარბაზში მომიყვანეს 3 საათით ადრე. სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით. არ ვიცი, თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ, მე არ მაქვს ბევრი დრო. მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, მე ვარ რეგიონალური პოლიტიკური ლიდერი და მე მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო და ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვისა კომედიებზე 4 საათით ადრე სადღაც სარდაფში მოყუჩების და კარგად დამწნილების.

მომიყვანეთ ხოლმე დროზე, როცა არის დრო და ყველა გამოცხადდეს დროზე. იმიტომ, რომ პატივისცემა, ეს არის პირველ რიგში საზოგადოების პატივისცემა, რომელიც ახლა გარეთ არის , რომელიც მონიტორებთან არის, და ამ ხალხს სჭირდება პატივისცემა. და არა ასე მოპყრობა…

მე როგორც ერთ-ერთი წევრი საქართველოს საზოგადოებისა, არ ვიღებ იმას, რომ 4 საათი სადღაც დამაყუდონ რაღაც სარდაფში. იმის გამო, რომ თქვენთვის ასეა კომფორტული”, – განაცხადა სააკაშვილმა.


თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

LB loan image desktop LB loan image mobile