მე და მიშა მეგობრები არ ვართ, თუმცა საუბარი, რომ ვერ ვიტანთ ერთმანეთს, ბიძინას და კობახიძის სურვილია - მელია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ის და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები არ არიან, თუმცა თქმა იმისა, რომ ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ, მისი შეურაცხყოფაა.

მელია „TV პირველის” ეთერში გამოეხმაურა „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში” არის მელია-სააკაშვილის ფლანგები და რომ ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ.

„მე და მიხეილ სააკაშვილი ვართ თანამებრძოლები, მე იმ პარტიის თავმჯდომარე ვარ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა, ის ქვეყნის მესამე პრეზიდენტია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე რასაც ისტორია შეაფასებს.

მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები არ ვართ, ძმაკაცები არ ვართ და ვერ ვერასდროს ვიქნებით, ბევრი მიზეზების გამო. ამას დრო სჭირდება, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი უნდა გაიარო ამისთვის, რასაც მეგობარი ჰქვია.

…მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეტს ვერ ვიტანთ… კი, ძალიან ბევრი გვიკამათია, ძალიან ბევრს ვიკამათებთ კიდევ, იმაზე ცხარედაც, ვიდრე გგონიათ… ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არაფერი შეიძლება იყოს, როდესაც ასეთი კითხვა ხელოვნურად ტივტივდება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დღეს ტყვეობაშია.

…ვერ ვიტანთ ერთმანეთს – ეს არის სურვილი ბიძინა ივანიშვილისა და კობახიძის”, – განაცხადა მელიამ.


ირაკლი კობახიძის თქმით, ერთადერთი ადგილი, სადაც უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, ეს რადიკალური ოპოზიციაა.

„შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, როგორც ჩანს, დაძლევადი აღარ არის… ამას საზოგადოება ხედავს, ერთმანეთთან დაპირისპირება… ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები, სააკაშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს ერჩიან. ეს გარეთაც არის უკვე გამოტანილი. მეტიც, მათი მხარდამჭერებიც კი უკვე ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ეს არის შიდა დაპირისპირებები, ეს არის საერთო სისუსტე, რომელსაც ისინი ავლენენ. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, აერიათ ქვეყანაში ვითარება. ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და ესეც განაპირობებს იმედგაცრუებას მათი პარტიის რიგებში”, – განაცხადა კობახიძემ.