მე და სააკაშვილი ვრჩებით განსხვავებულ პლატფორმებზე. მაგრამ, ვერ მოვისვენებ, სანამ იქნება ამ მდგომარეობაში - ხოშტარია

პუბლიკა

„მე და მიხეილ სააკაშვილი ვრჩებით განსხვავებულ პლატფორმებზე, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. მიუხედავად ამისა, მე ვერ მოვისვენებ, სანამ ის იქნება ამ მდგომარეობაში”,- განაცხადა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდგომ.

„ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია, ერთი დღეც იცხოვრო ბრძოლის გარეშე. ბრძოლაში გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები და არავის ეგონოს, რომ ამას რამე სახით მანიპულაციებით მეორე პლანზე გადაწევენ. რიგგარეშე არჩევნების გარეშე, არალეგიტიმური ხელისუფლების და მიტაცებული ინსტიტუტების პირობებში არ არსებობს დაცული ადამიანი ამ ქვეყანაში.

და ჩემი მკაფიო ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შურისძიების აქტი შეწყდეს. ეს არ არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის და მოწონების საკითხი“,- თქვა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა.