მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელში ეს ხელისუფლება დასრულდება – მერაბიშვილის პირველი კომენტარი

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია. მან ე.წ. მატროსოვის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ის ახლა ჟუნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს.

„ბატონებო, ზუსტად 6 წელიწადი და 9 თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ  არ წავედი არავითარ კომპრომისზე და არ წავედი კომპრომისზე საკუთარი თავის მიმართ. მადლობა ყველა გულშემატკივარს. მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი და რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს ჩამოშორდეს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ეს აუცილებელია, რომ ქვეყანა განვითარდეს. ახალგაზრდებს მიეცეთ პერსპექტივა“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისი თქმით, მას ახარებს, რომ ოპოზიცია ერთიანია. „აქამდე კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებდი, რადგან ვიყავი იზოლაციაში. დღესაც არ შემიძლია, გავაკეთო განცხადება, რადგან ამ 5 წუთში, რაც მე გამოვედი საკნიდან, ჯერ არაფერი ვიცი“, – თქვა მერაბიშვილმა.

შეკითხვაზე, შეხვდება თუ არა მიხეილ სააკაშვილს, განაცხადა, რომ ის ყველა მათგანს შეხვდება და დრო სჭირდება ჩამოყალიბებისთვის.


ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა: მათ შორისაა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.