„მე გავაგრძელებ ნავალნის საქმეს, გავაგრძელებ ბრძოლას" - ნავალნაიას მიმართვა

პუბლიკა

ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს  და ამბობს, რომ ალექსეი ნავალნის საქმეს და ქვეყნისთვის ბრძოლას გააგრძელებს. ის ყველას გვერდით დგომისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ნავალნი ვლადიმერ პუტინმა მოკლა.

„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის და მოგიწოდებთ, ჩემ გვერდით დადგეთ, გაიზიაროთ არა მხოლოდ მწუხარება და დაუსრულებელი ტკივილი, არამედ გაიზიაროთ ჩემი ბრაზი. ბრაზი მათ მიმართ, ვინც გაბედა ჩვენი მომავლის მოკვლა”, – ამბობს ის.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია. ის 16 თებერვალს ციხეში გარდაიცვალა.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება“.

ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, მათი თქმით, ნავალნი არის მოკლული და ეს იყო „აშკარა მკვლელობა“.

როგორც დღეს, 19 თებერვალს ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშიმ განაცხადა, ნავალნის დედა და ადვოკატი ქალაქ სალეხარდის მორგში ნავალნის ცხედრის სანახავად არ შეუშვეს. იარმიში წერს, რომ ადვოკატი მორგიდან გამოაგდეს.

„ნოვაია გაზეტა ევროპას“ ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის რაიონული კლინიკური საავადმყოფოს მორგშია. გამოცემას ანონიმური წყარო, სალეხარდის სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელი ეუბნება, რომ „მას უთხრეს, რომ ნავალნის სხეულზე აღმოჩენილია სისხლჩაქცევები, თავზე და მკერდზე.

წყარო ამბობს, რომ, როგორც წესი, სხვა შემთხვევებში, ციხეში გარდაცვლილი პატიმრების ცხედრები გლაზკოვას ქუჩაზე მდებარე სასამართლო მედიცინის ბიუროში გადაჰყავთ, მაგრამ „ამ შემთხვევაში ნავალნი რატომღაც კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს”.

წყაროს თქმით, ნავალნი სავარაუდოდ გულის გაჩერებით არის გარდაცვლილი, „მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, რატომ გაუჩერდა გული”.