„დედას და ადვოკატს მორგში არ უშვებენ" - ნავალნის პრესმდივანი

პუბლიკა

ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში აცხადებს, რომ ნავალნის დედა და ადვოკატი ქალაქ სალეხარდის მორგში ნავალნის ცხედრის სანახავად არ შეუშვეს. იარმიში წერს, რომ ადვოკატი მორგიდან გამოაგდეს.

„დილით ადრე მორგში ალექსეის დედა და ადვოკატები მივიდნენ. შიგნით არ შეუშვეს. ერთი ადვოკატი ფაქტიურად გააძევეს. კითხვაზე, არის თუ არა ალექსის ცხედარი, თანამშრომლები არ პასუხობენ”, – წერს კირა იარმიში X-ზე.

„ნოვაია გაზეტა ევროპას“ ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის რაიონული კლინიკური საავადმყოფოს მორგშია. გამოცემას ანონიმური წყარო – სალეხარდის სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელი ეუბნება, რომ „როგორც მას უთხრეს, ნავალნის სხეულზე აღმოჩენილია სისხლჩაქცევები, თავსა და მკერდზე“.

წყარო ამბობს, რომ, როგორც წესი, სხვა შემთხვევებში, ციხეში გარდაცვლილი პატიმრების ცხედრები გლაზკოვას ქუჩაზე მდებარე სასამართლო მედიცინის ბიუროში გადაჰყავთ, მაგრამ „ამ შემთხვევაში ნავალნი, რატომღაც, კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს”.

წყაროს თქმით, ნავალნი, სავარაუდოდ, გულის გაჩერებით გარდაიცვალა, „მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, რატომ გაუჩერდა გული”.

„როგორც გამოცდილმა მედპერსონალმა, შემიძლია ვთქვა, რომ დაზიანებები, რომლებიც ნახეს, კრუნჩხვებისაგან იყო… თუ ადამიანს აქვს ძლიერი კრუნჩხვები და სხვები ცდილობენ მის დაჭერას, მაშინ ჩნდება სისხლჩაქცევები. თქვეს, რომ მას გულმკერდის არეში სისხლჩაქცევა ჰქონდა – ისეთი, რაც გამოწვეულია არაპირდაპირი გულის მასაჟით”.

ალექსეი ნავალნის სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია. ის 16 თებერვალს ციხეში გარდაიცვალა.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება”.

ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, მათი თქმით, ნავალნი არის მოკლული და ეს იყო „აშკარა მკვლელობა”.