დღეს ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ მიღწეული შეთანხმების შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ვაშაძე ხელისუფლების წარმომადგენლების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება კონკრეტულ მაღალი პროფილის სისხლის სამართლის საქმეებს არ ითვალისწინებს.
„ხელისუფლება ამბობს იმას, რაც ხელისუფლებამ უნდა ილაპარაკოს შექმნილ სიტუაციაში, ოპოზიცია ამბობს იმას, რაც ოპოზიციამ უნდა ილაპარაკოს შექმნილ სიტუაციაში. საქართველოს მოქალაქე და საერთაშორისო თანამეგობრობა კი აკვირდება იმას, თუ რამდენად პატიოსნად შეასრულებს ორივე მხარე აღებულ ვალდებულებებს”, – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დროს კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე იყო საუბარი.
„კონკრეტული გვარები, რომლებმაც უნდა დატოვონ საპყრობილე და კონკრეტული გვარები, რომელთა საქმეებიც უნდა შეწყდეს, ვინაიდან ეს საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული”, – განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა – „მე გეუბნებით, რომ ამაზე საუბარი იყო“.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით კი ე.წ. მაღალი პროფილის საქმეებზე არანაირი შეთნახმება არ შემდგარა და კონკრეტული სახელები და გვარები შეთანხმებაში არ წერია.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა. მხარეები საპარლამენტო არჩევნების 120/30 სისტემით გამართვაზე შეთანხმდნენ, ბარიერი კი 2020 წლის არჩევნებზე 1%-იანი იქნება. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, შეთანხმება მოხერხდა ასევე იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებსაც ოპოზიცია პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.