თალაკვაძე კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე ოპოზიციასთან შეთანხმებას უარყოფს

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებაზე ბრიფინგი გამართა. არჩილ თალაკვაძემ გუშინდელი შეთანხმების პირობებზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებს და განაცხადა, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ 40 %-ზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს და ჩამოაყალიბებს მყარ უმრავლესობას.  მისივე თქმით, ე.წ. მაღალი პროფილის საქმეებზე არანაირი შეთნახმება არ შემდგარა და კონკრეტული სახელები და გვარები შეთანხმებაში არ წერია.

„მაღალი პროფილის საქმეებზე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება, აქ პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ პოლიტიკური პარტიები შევთნხმდით შემდეგზე რომ მართლმსაჯულების სისტემა არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და ჩვენი პოზიცია აქამდეც, დღესაც და მომავალშიც  იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დაცვა, სადაც მართლამსაჯულება პოლიტიკური კალენდრის ნაწილი არ უნდა იყოს. სხვა რაიმე კონკრეტული შეთანხმება ამ დოკუმენტში მოცემული არაა. შესაბამისად, არის თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა, არც ხელმოწერილია და არც დადასტურებული“. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.