მე იქით მაქვს შეკითხვა, 2008-ში ვინ დაიწყო [ომი]? - თორნიკე რიჟვაძე

პუბლიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „დაკავშირებულმა და ანგაჟირებულმა“ მედიასაშულებებმა მისი ბიოგრაფიის და საგარეო პოლიტიკური კურსის გაყალბებისთვის მოიცალეს. ამის შესახებ ის საკუთარ facebook-გვერდზე წერს.

„განსაკუთრებით სამარცხვინოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმომწერების, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ბრალმდებელი პარტიისა და მათი ტელევიზიების მიერ დასმულ პროვოკაციულ კითხვას სერიოზულად უნდა ვუპასუხო?! მე იქით მაქვს შეკითხვა, 2008-ში ვინ დაიწყო? შემთხვევით მაშინაც რუსეთმა ხომ არა? თუ კი, მაშინ ამას ხელი როგორ მოაწერეთ?! შემთხვევით მოღალატეები ხომ არ ხართ ამის გამო?“, – წერს ის.

 

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მისი პოზიცია რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით, ცნობილია და ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში დაგმო რუსული აგრესია.

რიჟვაძის განმარტებით, ყველა ინფორმაცია, რაც განთავსებულია აჭარის მთავრობის ვებსაიტებზე აკადემიურ მიღწევებთან დაკავშირებით, შეესაბამება სიმართლეს. რიჟვაძის განმარტებით, მას კიევის შევჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური აქვს აღებული.

„2017 წელს სამწუხაროდ გარდაიცვალა დისერტაციის აკადემიური ხელმძღვანელი, ალექსანდრე ზადოროჟნი, ოჯახური და სამსახურებრივი გარემოებების გათვალისწინებით იძულებული გავხდი საკუთარი სურვილით ამეღო აკადემიური შვებულება და შემეწყვიტა სწავლა. შესაბამისად, ყველა ოფიციალურ წყაროში მითითებულია დოქტორანტი“, – წერს ის.


დღეს ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ თორნიკე რიჟვაძეს არ მიუღია კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი.

მანამდე, უკრაინული ორგანიზაციამ „მირატვორეცმა“, რომელიც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნების კვლევის ცენტრია, განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე რუსი სამხედრო დამნაშავეების თანამზრახველია. მათივე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ის კიევის შევჩენკოს ეროვნულ უნივერსიტეტში სწავლობდა.

აღნიშნული განცხადებები თორნიკე რიჟვაძის გუშინდელი განცხადების პასუხად გავრცელდა. გუშინ, 7 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, თორნიკე რიჟვაძემ შეკითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში – რუსეთმა თუ უკრაინამ, არ უპასუხა. მან ჟურნალისტს უთხრა, რომ ამ საკითხზე „დარგის ექსპერტებს“ უნდა მიმართონ. ჟურნალისტი მეორედაც ჩაეკითხა, თუმცა შეკითხვას თავი კვლავ აარიდა. „მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას“, – განაცხადა რიჟვაძემ.