რიჟვაძეს სწავლა არ დაუსრულებია. ვწუხვართ, მან უკრაინა ვერ შეიყვარა - შევჩენკოს უნივერსიტეტი

პუბლიკა

ტარას შევჩენკოს კიევის ეროვნული უნივერსიტეტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„გაცნობებთ თორნიკე რიჟვაძის ბიოგრაფიულ ინფორმაციაში არსებული უზუსტობების შესახებ. კერძოდ, 1989 წელს დაბადებული თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, არ მიუღია კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის დიპლომი.

მან 2015 წელს ჩააბარა კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დოქტორანტურაში, 2017 წელს კი საკუთარი ნებით ოჯახური გარემოებების გამო გაირიცხა. ამრიგად, სწავლის ეს პერიოდი არ დასრულებულა სამეცნიერო ხარისხისა და კვალიფიკაციის მიღებით, რადგან სწავლა შეწყდა.

ძალიან ვწუხვართ, რომ მას, როგორც ჩვენს ყოფილ სტუდენტს, უკრაინა არ შეუყვარდა“, – ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


გუშინ, 7 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, თორნიკე რიჟვაძემ შეკითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში – რუსეთმა თუ უკრაინამ, არ უპასუხა. მან ჟურნალისტს უთხრა, რომ ამ საკითხზე „დარგის ექსპერტებს“ უნდა მიმართონ. ჟურნალისტი მეორედაც ჩაეკითხა, თუმცა შეკითხვას თავი კვლავ აარიდა. „მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას“, – განაცხადა რიჟვაძემ

დღეს, 8 მარტს, უკრაინული ორგანიზაციამ „მირატვორეცმა“, რომელიც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნების კვლევის ცენტრია, განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე რუსი სამხედრო დამნაშავეების თანამზრახველია. მათივე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ის კიევის შევჩენკოს ეროვნულ უნივერსიტეტში სწავლობდა.

აჭარის მთავრობის ვებსაიტზე თორნიკე რიჟვაძის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ ის დღემდე სწავლობს კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.