მე რა ვქნა ახლა, ეს ტელეფონი გავყიდო და ფული გლახაკებს დავურიგო?! - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

პუბლიკა

„ეს ტელეფონი მაჩუქეს… მე რა უნდა ვქნა. აი, კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ამ ტელეფონს, ეს არის iPhone 12 Pro. მე რა ვქნა ახლა, ეს ტელეფონი გავყიდო და ეს ფული გლახაკებს დავურიგო?! ამაზეა ლაპარაკი?!”, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა „რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ საზოგადოებაში გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ როდესაც ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ, მეუფე არ უნდა საუბრობდეს საკმაოდ ძვირადღირებულ ტელეფონზე.

„ზუსტად ასეთმა კითხვა სახარებაშიც არის აღწერილი, როდესაც იესოს ძვირფასი ნელსაცხებლით ფეხები დაბანეს. რატომ არ გაიყიდა ეს და რატომ არ დაურიგდა ეს გლახაკებს – ვინც ეს კითხვა დასვა, გლახაკების დარდი კი არ ჰქონდაო, ეს ფული იმას ებარა და ვერცხლისმოყვარე იყოო.

მე რაც შემიძლია, მაქსიმალურად ვეხმარები ყველას, ვერცერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ მე მთხოვა დახმარება და არ დავეხმარე. რაც შემიძლია, ვაკეთებ.

რაც შეეხება ამ ტელეფონს, უკვე რამდენიმე ფილმი გადავიღე ამ ტელეფონით კარგი ხარისხით. ამ კარგ ხარისხს მნიშვნელობა აქვს რა, როგორც ამბობენ”, – ამბობს მიტროპოლიტი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – ხომ არ შეუთავაზებია ვინმეს მანქანის ჩუქებაც, პასუხად მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა:

„თავმდაბალი ადამიანი ვარ და არ ვიტყვი [მანქანაზე] უარს. კი არ ვარ მაინცდამაინც თავმდაბალი, მაგრამ მართლა მძიმე მდგომარეობაა. 2006 წლის მანქანაა ჩემი და ისეთი გაცვეთილია, ისეთ ადგილზე ვცხოვრობ და ისე ვცვითავ, ისეთი დატვირთვა აქვს, რომ. თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვდივარ ახალქალაქიდან თბილისში იმ დანგრეულ გზებზე უკვე რამდენიმე წელია, რომ პატრიარქთან ერთად ვიყო წირვაზე”, – განაცხადა მან.