თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის დეკემბერის აქციების დროს დაკავებული 11 პირის პროცესი გაიმართა – სასამართლომ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები მოისმინა.
სხდომაზე დასკვნითი სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა რეზო კიკნაძემ.
„პუბლიკა მის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:
„ახალი ამბით დავიწყებ: ტვ „იმედი“ და „პოსტ ტვ“ სანქცირებულები არიან რუსული პროპაგანდის მხარდაჭერის გამო. რა ლამაზად ჟღერს… კიდევ ხომ არ გავიმეორო?..
მეორე ახალ ამბავსაც მივაბამ: დიქტატორ აიათოლას რეჟიმი ჩამოშლის პირასაა; დიქტატორი გარბის, იმალება ან უკვე მკვდარია… გესმით, ქოცებო? რა მოსდით დიქტატორებს ხვდებით? საკუთარი ერის მტერი არ დარჩება დაუსჯელი.
ყველაფრის პატიება შეიძლება, გარდა ქვეყნის ღალატისა.
რაც შეეხება ჩვენს საქმეს: რა გვედება ბრალად, ვინ დავაზიანეთ ან ვინ გვადებს ხელს, თქვენ მაინც გაგვაგებინეთ, ბატონო მოსამართლევ, თუნდაც 15 თვის მერე?
აქამდე არავის შეუწუხებია თავი ახსნით, რატომ ვართ დატყვევებულნი, რომელი კანონით, რა დავაშავეთ, მაგრამ, რაც ტყუილია, რაც ყალბია და რაც უკანონოა, ის როგორ უნდა ახსნა.
წაიკითხეთ მოწმეთა ჩვენებები? რამე კავშირი იპოვეთ რეზო კიკნაძესა და რომელიმე ჩვენებას შორის? ან ონისე ცხადაძესა და რომელიმე ჩვენებს შორის? ან რეზო კიკნაძესა და ონისე ცხადაძეს შორის? ცარიელი სიტყვებია თქვენი მტკიცებულება? თუ ვიღაცის სურვილს მტკიცებულება დაარქვით? თუ, უბრალოდ, ჩვენი ჩაგვრა რომ გნებავთ, მიზეზად ისიც კმარა? და იმ ცარიელ სიტყვებშიც რომ არ ვართ ჩვენ ნახსენები? ცარიელი სიტყვების გამო რატომ ვართ პატიმრობაში, გაქვთ ამაზე პასუხი?
ერთი მოწმე ხუთ სხვადასხვა პროცესზე რომ დადიოდა, ლატარიას ვთამაშობთ თუ ცირკში ვართ, მართლა? ვარაუდზე იჭერთ ხალხს? თან ხალხს, რომელთაც კავშირიც არ ჰქონიათ იქამდე ციხესთან. ციხესთან კი არა, ერთი უბრალოდ ავტობუსის ჯარიმაც კი არასოდეს მიუღია. აი, ეგეთ ახალგაზრდებს უშვებთ კრიმინალებთან? და ასე ცდილობთ ერის განვითარებას? თუ რას აკეთებთ, ღუპავთ ერს?
ტყუილად დაჭერილი ადამიანი ორი წლის მერე რომ ციხიდან გამოვა, ისეთი იქნება, როგორიც ციხეში შესვლამდე იყო? ბოროტების დათესვა თქვენი მიზანია? ცხოვრება გინდათ, გაგვინადგუროთ? ან ამ დაკარგულ წლებს ვინ დაგვიბრუნებს? როცა ისედაც ხვდებით, მტკიცებულება არა თუ არასაკმარისია, არამედ არც არსებობს, რანაირად გიშვებთ გული, ასე გაწიროთ ადამიანი? ადამიანი, რომელსაც საერთოდ არაფერი ამოძრავებს, გარდა ქვეყნის სიყვარულისა, გარდა მომავალი თაობის კეთილდღეობისა. გაქვთ საერთოდ გული?
15 თვეა, ჩვენი ტელეფონები აქვთ და ვერაფერი უპოვიათ, თურმე და თუ ვერაფერი იპოვეს (ან რა უნდა ეპოვათ, არარსებულს როგორ იპოვი), აქ რატომ ვართ, გეკითხებით! თქვენ გგონიათ, მიჭირს აქ ყოფნა, ოდნავადაც არა. პირიქით, მე დღითი დღე ვძლიერდები, მაგრამ დედას რომ უჭირს, მამას რომ უჭირს, ბებიას რომ უჭირს. გყავთ, საერთოდ, დედა? გიფიქრიათ, რას განიცდის მშობელი, როცა შვილს უსამართლოდ უტყვევებენ? წარმოიდგინეთ, აბა, თქვენი შვილი ტროტუარზე დგომისთვის რომ დაიჭირონ… სხვათა შორის, თქვენი შვილებისთვისაც ვიდექი იქ.
მე რომ კორუმპირებული, კორუფციაში გახვეული, დიქტატორული მთავრობა არ მიყვარს, ამიტომ ვარ დამნაშავე? მთავრობა, რომელიც მტერს უდგას გვერდით, სირცხვილის ალში ხვევს მთელ ერს მსოფლიოს თვალში, ტროტუარზე დგომისთვის, პირბადისთვის და უბრალოდ, რომ არ ემონები, მაგისთვის გიჭერს, მაგრამ გარეთ მონურად არსებობას ციხეში, დილეგში ღირსეულად ყოფნა მირჩევნია. აქ უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე თქვენ, თვალის დაბრმავება და იმის ქება რომ გიწევთ, რაც თავადაც კარგად იცით, რომ ცუდია.
ფილმში – „საიდუმლო მათ თვალებში“ ერთი ასეთი სცენაა – სიკვდილმისჯილს ვერ პოულობენ ვერსად, უკვე დახურულიცაა საქმე, მაგრამ მერე შემთხვევით გაიგებენ, რომ ფეხბურთი უყვარს ძალიან და თავისი საყვარელი გუნდის თამაშზე აუცილებლად მივაო, – იტყვიან, რადგან ფეხბურთი თავს ურჩევნიათ არგენტინელებს; მართლაც სტადიონზე დაიჭერენ. მე სიკვდილმისჯილი არ ვარ, მაგრამ სიკვდილიც რომ მქონდეს მისჯილი, მალვას კი არ დავიწყებ, ჩემს საყვარელ ადგილას მაინც ყოველთვის მივალ, რუსთაველის გამზირზე, რადგან ქვეყანა თავს მირჩევნია.
გადავიდეთ მოწმეებზე: მართლა მაინტერესებს, ეს მოწმეები სპეციალურ ტრენინგებს გადიან? რაიმე კურსია ცრუმოწმეთა მოსამზადებლად თუ ყველა ერთნაირი ტექსტით რატომ მოდიოდა? მოწმის არსი შეგიძლიათ, მითხრათ? სოფლის ორღობე და ბირჟაა ეს ადგილი თუ სასამართლო, საჭორაოდ და საწუწუნოდ რომ მოდიოდნენ? ნაცვალსახელებით სასაუბროდ მოდიოდნენ აქ? თუ იცით, რომ ერთსაც კი არ დავუსახელებივართ? ანუ აქციაზე მყოფი 100 ათასი კაციდან იმავე წარმატებით შეეძლო ცრუმოწმეობა ნებისმიერთან.
შენ თუ მართლა მოწმე გქვია და არა ჯამბაზის ქუდიანი სასაცილო შარლატანი, ვინც თუთიყუშივით იმეორებს, რაც დაავალეს, ან უნდა თქვა, რატომ გვქვია ჩვენ ჯგუფი და რა კავშირი გვაქვს ერთმანეთთან, ან ვინ დაგაზიანა, ეგ მაინც უნდა გვამცნო, ხომ? მსგავსი არაფერი ყოფილა ე.წ. მოწმეთა ჩვენებაში.
საერთოდაც, იმასაც კი ვერ ამტკიცებდა ვერცერთი, მართლა დაზიანდა თუ არა, რატომღაც, ყველამ გადაყარა ან გარეცხა სისხლიანი ტანსაცმელი; რატომღაც არცერთს არ აღმოაჩნდა სასწრაფო მომსახურების ცნობა და არც ნივთი შეუნახავს არცერთს, რაც, ვითომ, მოხვდა, რატომღაც.
ან იმ ვიდეოებში რა ჩანს, აბა? ის ვიდეოებიც ჩვენი უდანაშაულობის ალიბი უფროა, ვიდრე პირიქით. იქ ჩანს, რომ არავის ვაზიანებთ, ერთ კაცსაც კი; იქ ჩანს, რომ ქაღალდს ვაგდებ ჰაერში; იქ ჩანს, რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ და არც კავშირი გვაქვს რამე, გარდა იმისა, რომ ყველას გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ხმას თუ ჩართავთ, იქ კარგად ისმის, როგორ აგინებენ ნიღბიანი სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს და უხამსი ქმედებით ემუქრებიან გოგონებს. თუ რამე დაჯგუფება ვიყავით ან ორგანიზატორი გვყავდა, ნიღბები რატომ არ გვეკეთა და სახეს არ ვფარავდით?
ალოგიკურია ყველაფერი თქვენი მხრიდან, ხვდებით ხომ? არაფერს ვაშავებდით და სპეცრაზმელებისგან განსხვავებით, არც ნიღაბი გვჭირდებოდა ვინაობის დასაფარად. ერთი სპეცრაზმელი მაინც დაიჭირეთ, ვინც წაქცეულებს ურტყამდა?
ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?
მაკა ჩიხლაძე, გურამ როგავა და გიორგი შეწირული რომ კინაღამ მოკლეს დაქირავებულმა მონებმა, მათ არ სჯით და ჩვენ გვსჯით, რადგან ბოროტების ნაცვლად სიკეთეს ვემსახურებით?! რამდენი შვილმკვდარი დედა მოგროვდა უკვე ამ მთავრობის პირობებში, რომლებმაც სამართალი ვერ ნახეს, ყველანი კარგად ხედავთ ხომ?!
ან რა სამართალი უნდა ნახო ქვეყანაში, სადაც, ნაცვლად იმისა, რომ მკვლელები დაიჭირონ, ტროტუარზე მდგარ ხალხს დასდევენ. პატარა ბავშვი სასტიკი წამებით რომ მოკლეს, ანა იანუშაიტიტე და როცა მკვლელი ვერ თუ არ იპოვეს და ვერ გამოიძიეს საქმე, გაიგუდა თავისითო – ეს ჩაწერეს და დახურეს. ეს თუ გახსოვთ?
დღისით, მზისით ფაშისტური დაჯგუფებები ქუჩაში ძალადობენ გამვლელებზე, ჯგუფურად, სკვერებში, მეტროებთან – აი, ამათ არ იჭერენ, სანამ ვიღაცას არ მოკლავენ, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენ, ვისაც არანაირი ბრალი არ მიგვიძღოდა არავის წინაშე, ხომ წამში დაგვადეს ბორკილები? ანუ, დღეს პოლიციელი სამართალდამცავი კი არ არის, უკანონობის დამცავია. კი არ გიცავს კრიმინალისგან, თავად არის კრიმინალი.
იმ ვიდეოსაც ნახავდით, 16 წლის ბავშვს რომ აგინებს მთელი უწყება, ე.წ პოლიცია. ბავშვს, რომელსაც ხატვა უყვარს, იჭერენ, ემუქრებიან, შეურაცხყოფენ, სტკენენ… და შემთხვევით გავიგეთ ეს ყველაფერი. რამდენი ასეთი შემთხვევა იქნება პოლიციელთა ნაძირლობის, რაც იჩქმალება. რამდენიმე თვის წინ თარაშ ბექაური რომ ცემით მოკლეს პოლიციელებმა და მერე მდინარეში გადააგდეს, ამაზეც ვხუჭავთ თვალს და არ ვიმჩნევთ? თვალი მარტო დასახუჭად გიბოძათ ღმერთმა?
დღეს რომ ვაკხანალიაა ქვეყანაში, ასეთი ამ საუკუნეში არცერთ წელს არ ყოფილა და ვისი ბრალია ეს განუკითხაობა, გარდა მთავრობისა, რომელსაც მტერთან, რუსეთთან კავშირისა და მტრის საქმის კეთების გამო ასანქცირებენ. მთავრობისა, რომლისთვისაც პრიორიტეტი უდანაშაულო ხალხის დაჭერაა პროტესტის მიზეზით და არა ნამდვილი დამნაშავეების, არა მკვლელებისა და მოძალადეების. მოძალადეები თავად სჭირდებათ გვერდით, შავი საქმეების შესასრულებლად და მე რომ ამას ვაპროტესტებ, თავს არ ვადებილებინებ სხვებივით და არ გავყვირი – „სუპი მაქვს და სუპსა ვჭამო“, ამიტომ ვარ დამნაშავე?!
სამართალში ორმაგი სტანდარტები არ უნდა იყოს; მაშინ სამართალი არც ყოფილა; არც ცალმხრივი უნდა იყოს, არც შერჩევითი.
დანაშაულია მთავრობის სიყვარული, ნებისმიერი მთავრობის. ვინც ამ დრაკონულ კანონებს იღებთ, ხალხის კეთილდღეობას ხომ არც ერთი უზრუნველყოფს და მოსახლეობის კიდევ უფრო გაუბედურებისკენაა მიმართული. შეგახსენებთ, რომ გილიოტინის შემქმნელსაც ბოლოს გილიოტინაში მოჰკვეთეს თავი.
ვისაც გგონიათ, რომ თბილად ხართ ახლა მომჯდარნი სკამებში და თქვენია ეს სამყარო, მათ გეტყვით – ბურთი რაც არ უნდა მაღლა ააგდო, ბოლოს მაინც ძირს დაეცემა. აი, ამ ორ პროკურორს რომ ვუყურებ, მიკვირს, ამდენი რაც ვილაპარაკე, რა აზრი ჰქონდა მარგალიტების ფრქვევას, რა იცის ღორების კოლტმა მარგალიტის ფასი.
ხომ არ გგონიათ, რომ პროკურორობა ინდულგენციაა და არ მოგეკითხებათ ან არ გასამართლდებით ცრუ ბრალდებებისა და შეკერილი საქმეებისთვის. თქვენ რომ ენა გებმით და ვერცერთი გვეუბნებით, რა დავაშავეთ კონკრეტულად რომელიმემ. ფუნაგორიას ორი მნიშვნელობა აქვს, ერთის თანახმად, მოკლე ირონიული სხარტულა ლექსის სახით, მაგრამ ვაჟას დაბნეულ, დაკარგულ სახეს რომ ვუყურებ, აშკარად მეორე განმარტებას უფრო იმსახურებს.
ვინაიდან ჩემი ბოლო სიტყვაა სასამართლოებზე და მეტჯერ აღარასდროს მომიწევს აქ საუბარი, ყოველთვის მინდოდა, ბოლო სიტყვები ეს ყოფილიყო ჩემი: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!“, – თქვა მან.
აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 და 8 პირის საქმეები მსჯავრდებულების წარმომადგენლებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
მათ მიაჩნიათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილისა და თამარ მჭედლიშვილის გამამტყუნებელი განაჩენები არის უკანონო და დაუსაბუთებელი. აპელანტები სააპელაციო საჩივარში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენების გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ.
ორივე მოსამართლემ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლიდან სსკ-ის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს – რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 პირის საქმეში ბრალდებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.