„მე საერთოდ არ მითქვამს ასეთი რამ, რომ ბაჩალიაშვილი შარშია“ – პოლიციელი

პუბლიკა

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი შსს-ს გენინსპექციაში გამოკითხეს, თამარ ბაჩალიაშვილის მამის განცხადების შემდეგ.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, ადამიანი, რომელმაც უთხრა, რომ მისი შვილის კომპიუტერი გახსნა და მას დიდი პრობლემები ჰქონდა, სწორედ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილია.

გამოკითხვიდან გამოსულმა ბაჭულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას მსგავსი რამ არ უთქვამს და არც თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი უნახავს, რადგან ის გამომძიებელმა ექსპერტიზაზე წაიღო.

„დაბარებული ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოჯახის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, ვითომ მე მითქვამს რაღაცა. მე საერთოდ არ მითქვია ესეთი რამე, პლუს კომპიუტერთან მე არაფერი შეხება არ მქონია, იმიტომ რომ კომპიუტერი ამოიღო გამომძიებელმა და პირდაპირ წაიღო ექსპერტიზაზე, მე კომპიუტერთან შეხება არ მქონია.

… ასეთი რამე ჩემგან არ თქმულა, არც აქციისმაგვარი, არც შარში ხარ… როგორ ვეტყოდი, როცა კომპიუტერთან შეხება არ მქონდა?!“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბაჭულაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს რუსთავში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებოდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა იყო, შეხვედროდნენ პოლიციის იმ მაღალჩინოსანს, ვისაც ბაჩალიაშვილის ძებნის პროცესში ოჯახთან კომუნიკაცია ჰქონდა და მამის მტკიცებით თქვა, რომ თამარ ბაჩალიაშვილს პრობლემები ჰქონდა.

„მე მჭირდება ის პიროვნება. რატომ მითხრა ჯერ კომპიუტერი გავხსენიო, მაგაზე ვმუშაობ ახლაო, შენი გოგო დიდი პრობლემის წინაშე არისო, შარშიაო. ლადო ბაჭულაშვილი, აგერ მუშაობს მოადგილედ არის. რატომ მითხრა ასე? რატომ გათიშა ტელეფონი? რატომ გვემასხარავა?“ – განუცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს.


თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, მანქანა, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, ტყეში იდგა, სამანქანო გზიდან რამდენიმე მეტრში. მანქანა მწყემსმა იპოვა და შემდეგ შეატყობინეს პოლიციას.