თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პატიმრობის შეფარდებამდე ჩუბინიძემ თქვა, რომ ის „ივანიშვილის რეჟიმის ტყვეა“.
„მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვე. მე სამშობლოსთვის არ მიღალატია, მე ვამხილე ის ამაზრზენი და ქვეყნის დამღუპველი მდგომარეობა, რაც დავითგარეჯის სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით ფიქსირდება, ეს არის ფაქტი.
ჩიჩხიტურის კოშკთან დგას საოკუპაციო ჯარი. ვერანაირ მტკიცებულებას მე ვერ გავანადგურებ, იმიტომ რომ საოკუპაციო ჯარს მე ვერ გავანადგურებ. ეს არის ფაქტი, ამას მე მეუბნებოდა თავის ინტერვიუში აწგანსვენებული ლაზარე ჯორბენაძე. ყველა ჩემი შემდგომი განცხადება როგორც წერილობით, ისე სოციალურ ქსელებში, ემყარებოდა იმ რელაციას, რომელიც აწგანსვენებულმა ჩემთან ინტერვიუში თქვა.
მე არ ვარ საშიში კაცი, არც გამქცევი და დამმალავი. მე ამ სასამართლოდან გამოვალ გამარჯვებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი, ჩემი, როგორც პროფესორის და ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ“, – თქვა დიტო ჩუბინიძემ სასამართლოში.
წინასწარი პატიმრობის შეფარდება დიტო ჩუბინიძისთვის პროკურატურამ მოითხოვა. პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
დიტო ჩუბინიძეს „სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის“ ბრალდება გუშინ, 22 ოქტომბერს წარუდგინეს.
რას ედავება პროკურატურა ჩუბინიძეს
ლაზარე ჯორბანაძე, რომელიც დიტო ჩუბინიძემ დღეს ახსენა და რომელთან ინტერვიუც დიტო ჩუბინიძის ავტორობით 2 თებერვალს გამოქვეყნდა „ასავალ-დასავალში“, რამდენიმე თვის წინ ახსენა პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. კერძოდ, 1 სექტემბრის წერილში ღარიბაშვილი წერს, რომ 12 თებერვალს საკანში შეუტანეს დიტო ჩუბინიძის მიერ „ასავალ-დასავალში“გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც კობახიძე იყო გაკრიტიკებული და გადასცეს პრეტენზია, ხომ არ იდგა ის „ხსენებული სტატიის უკან“.
„ასავალ-დასავლის“ 2 თებერვლის ნომერში ლაზარე ჯორბენაძე ამტკიცებდა, რომ „დავითგარეჯი გაყიდულია“ და რომ მსგავსი დოკუმენტი საკუთარი თვალით აქვს ნანახი. ჯორბანაძე ამბობდა, რომ „პრემიერმა კობახიძემ ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და აზერბაიჯანს გადასცა დავითგარეჯის ის ნაწილი, რომლის გადაცემასაც ალიევს სააკაშვილი დაჰპირდა“. ჯორბენაძე ამბობდა იმასაც, რომ როდესაც „ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი დააკავეს, ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანული მხარე 250 მილიონ დოლარს სთავაზობდა, მაგრამ ირაკლიმ ქართული მიწის გაყიდვას ხელი არ მოაწერა“.
სწორედ ამაზე ამბობს პროკურატურა, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე „სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა (ირაკლი კობახიძემ) მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“.
დიტო ჩუბინიძის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, საქმე ეხება ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ გაკეთებულ განცხადებას. დაცვის მხარემ ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე (გამოხატვის თავისუფლება) და მიუთითა, რომ ევროპული პრაქტიკითა და სასამართლოს მიდგომებით, გამოხატვის თავისუფლება ფარავს ისეთ განცხადებებსაც კი, რომლებიც შესაძლოა იყოს „შემაშფოთებელი, გამაოგნებელი ან მიუღებელი“ საზოგადოებისა თუ ხელისუფლებისთვის.