„ცოტა ვერ გავიგე, მე ვარ კრიმინალი? თუ ვინ ვარ? რას ნიშნავს კრიმინალების მფარველი?“, – ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდმა განაცხადა. ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
„პოლიტიკოსები საკუთარ განცხადებებში თავისუფლები ვართ, მაგრამ თუ კრიტიკა მოდის ევროპარლამენტიდან და პარტნიორებიდან, რომლებიც რეალურად ზრუნავენ საქართველოს მომავალზე, ქართველ ხალხზე და რეფორმებზე, ჩემი რჩევა იქნება, რომ მიიღოთ ჩვენი კრიტიკა სერიოზულად. ევროპარლამენტარებს გვაქვს უფლება, რომ გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრება, შთაბეჭდილება, ჩემი რჩევა იქნება, რომ უსმინოთ მეგობრებს და მეგობრულ კრიტიკას ასევე სერიოზულად. საქართველო ძალიან კრიტიკულ პერიოდშია: ომი უკრაინაში, წევრობის განაცხადი, ევროკომისიის დასკვნა ახლოვდება. ეს ყველაფერი ძალიან კრიტიკული ასპექტებია“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარმა მოუწოდა პოლიტიკოსებს, რომ დადგნენ პარტიული ინტერესების მიღმა. მისი თქმით, სასამართლო რეფორმა და 19 აპრილის შეთანხმება მთავარია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის.
„სასამართლო რეფორმა და 19 აპრილის შეთანხმება მთავარია თქვენი ევროინტეგრაციისთვის. შარლ მიშელმა, რომელმაც დიდი ძალისხმევა ჩადო მოლაპარაკებებში, უნდა დაიცვას საქართველოს კანდიდატურა ევროკავშირში. ეს არ არის მისთვის მარტივი, განსაკუთრებით მედიაციის ჩაშლის და შეთანხმების შეუსრულებლობის შემდეგ.
როგორ წარმოგიდგენიათ? ის წავიდეს ევროკომისიაში და თქვას, რომ მართალია, ამ დოკუმენტს თავდაპირველად არ შეუერთდნენ, მართალია შემდეგ საერთოდ უარყვეს და ჩაშალეს, თუმცა საქართველო მაინც უნდა გახდეს კანდიდატი. ეს მან როგორ უნდა შეძლოს? დაივიწყეთ წარსული. თუ ყოველდღიურ პარტიულ ინტერესს არ დაივიწყებთ, ვერ წახვალთ წინ. ამ შესაძლებლობას თუ ვერ გამოიყენებთ, მე ვშიშობ და არ ვიცი, ეს ფანჯარა გაიხსნება თუ არა თქვენთვის ისევ მალე და ეს იქნება უზარმაზარი, უდიდესი ტრაგედია ქართველი ხალხისთვის“, – თქვა ევროპარლამენტარმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ, 20 მაისს განაცხადა, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და „7-8 ევროპარლამენტარი“ არიან „კრიმინალების მფარველობაში მხილებული“.