კობახიძე: ვიოლა ფონ კრამონი არის კრიმინალების მფარველი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მსგავსად აკრიტიკებს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს, რომელბმაც ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით კრიტიკული აზრი გამოთქვეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვიოლა ფონ კრამონი და „7-8 ევროპარლამენტარი“ არიან „კრიმინალების მფარველობაში მხილებული“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ ისაუბრა.

„პირველი არხის“ წამყვანმა კობახიძეს წაუკითხა სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორის (ევროპარლამენტარების, სენატორ ჯიმ რიშის…) და ორგანიზაციის (ამნესტი ინტერნეიშენალი) განცხადებები ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ და ჰკითხა, როგორ აპირებს მმართველი გუნდი ამ რეაქციების განეიტრალებას.

კობახიძის თქმით, 2012 წლის შემდეგ იგივე გვარები და სუბიექტები უამრავ ასეთ განცხადებას აკეთებენ. მისი თქმით, 2012-2013 წლებში სენატორი რიში და მისი სხვა კოლეგები აცხადებდნენ, რომ ახალ ხელისუფლებას არც ერთი პოლიტიკოსი არ უნდა დაესაჯა.

„ხელი არ მოკიდოთ არავისო. უმარავი დანაშაული იყო ჩადენილი იმ ხელისუფლების მიერ, პირდაპირ გვიკრძალავდნენ  კანონის აღსრულებას. რა თქმა უნდა, ამას არ გავყევით არც მაშინ და არც დღეს გავყვებით. როდესაც დამნაშავეზე გეუბნებიან, რომ არ უნდა დაისაჯოს… ჩვენ  ქვეყანა არ ვართ, სახელმწიფო არ ვართ თუ რა ვართ? ჩვენ არ ვიმსახურებთ სამართლის უზენაესობას? თუ განვითარებული ქვეყნების ფუფუნებაა სამართლის და კანონის უზენაესობა? კანონი ამ ქვეყანაში არ უნდა აღსრულდეს?“, – თქვა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ნიკა გვარამია როდესაც დანაშაულს ჩადიოდა, რისკი იცოდა, მაგრამ საკუთარი სტატუსის იმედი ჰქონდა. მისი განცხადებით, „როცა ადამიანები დაინახავენ, რომ კანონი სათანადოდ სრულდება და ვერც ერთი სტატუსი პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლებს, მაშინ გადახედავენ განზრახვებს და მომავალში დანაშაულს აღარ ჩაიდენენ“.

გადაცემა „დღის თემის“ წამყვანმა კობახიძეს თეა წულუკიანის განცხადებებისა და ამ განცხადებებზე ვიოლა ფონ კრამონის პასუხის შეფასებაც სთხოვა.

„ვიოლა ფონ კრამონზე საერთოდ არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება. ბევრი მიზეზი მაქვს. კონკრეტული მიზეზების გამო, მათ შორის პიროვნული კონკრეტული ფაქტორების გამო, ეს ერთი.

მეორე, რაც შეეხება მედიის თავისუფლების უკუსვლას – რაში ხედავთ მედიის თავისუფლებაში უკუსვლას? ყველა ტელევიზია ისე მუშაობს, როგორც მუშაობდა შარშან. არავითარი ცვლილება არ არის. უკუსვლა არის აღქმებში, ამ აღქმებს აყალიბებენ აქ ნაცმოძრაობა, იქ ფონ კრამონები, ფოტიგები და ა.შ.

ეს არის სინამდვილეში ერთი პატარა ჯგუფი და კიდევ გავიმეორებ, ზუსტად ესენი არიან ანტიევროკავშირი. ასეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად უსამართლობისკენ უბიძგებენ სისტემას, არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი, იმიტომ, რომ ევროპული ღირებულებები არის ბევრი რამ, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი არის სამართლის უზენაესობა.

და როდესაც 2012 წლიდან მოყოლებული, მთავარი, რასაც ჩვენ გვთხოვენ, რომ კანონი არ აღასრულო, ეს არის მათი მთავარი ხაზი, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ღირებულებები მათთან საერთოდ არ არის ახლოს. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი – ისინი არიან კრიმინალების მფარველები, კონკრეტული პოლიტიკური ძალის მფარველები. ნაცმოძრაობა რა დანაშაულებს ჩადიოდა, 2012 წელს არ იცოდა ვიოლა ფონ კრამონმა? ან არ იცოდა იგივე რიშმა და ა.შ? ყველამ იცოდა.

ვიოლა ფონ კრამონი სამართლიანად რომ აფასებდეს ნაცმოძრაობა რა არის, მათ შორის დღესაც და გუშინ რა იყო, გვარამიაზე იმას არ იტყოდა, რასაც ახლა ამბობს. ძალიან კარგად იცის, რომ გენპროკურორობის დროს უამრავ საზიზღრობას აკეთებდა ეს კაცი და ახლა „რუსთავი 2“ გაძარცვა, ეს იცის ვიოლა ფონ კრამონმა, მაგრამ სხვა რამეს ლაპარაკობს. რატომ? იმიტომ, რომ არის კრიმინალების მფარველი. … არის 7-8 ევროპარლამენტარი, რომელიც არის კრიმინალების მფარველობაში მხილებული. ძალიან მარტივად არის საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წამყვანის თქმით, შესაძლოა, კობახიძის ეს განცხადება ოპონენტებმა ანტიდასავლურ რიტორიკად შეაფასონ, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ერთი კონკრეტული დეპუტატის კრიტიკა ვერ შეფასდება საერთო რიტორიკად.

„ვიოლა ფონ კრამონს, ფოტიგას და ა.შ. თვითონ არ აქვთ არანაირი კავშირი ევროპასთან. ბოლმდე აცდენილი არიან ევროპულ ღირებულებებს. თავიანთ ქვეყანაში რომ უნდათ სამართლის უზენაესობა და აქ გეუბნებიან, რომ დამნაშავე არ უნდა დაიჭირო, აი ეს არის ზუსტად აცდენა“, – განაცხადა მან.


ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმაც გააკრიტიკა, რასაც ვიოლა ფონ კრამონის პასუხი მოჰყვა.

„ვცდილობ რეაქცია არ მქონდეს ქართველი პოლიტიკოსების უგემოვნო და უსაფუძვლო თავდასხმებზე, მაგრამ ახლა სხვა არჩევანი არ მაქვს. ქალბატონი წულუკიანი გავიცანი როდესაც ის ახალგაზრდა, ამბიციური პოლიტიკოსი და იურისტი იყო. სამწუხაროა, ნახვა, როგორ მოხდა მისი რადიკალიზება წლების განმავლობაში და ახლა ის ტყუილებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს.

ქალბატონმა წულუკიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ მე ვიყავი და ვარ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და ვიბრძოდი ხალხის უფლებისთვის, დემოკრატიულად აირჩიონ ხელისუფლება. ენმ-სთან საიდუმლო გარიგებებში ჩემი დაბრალება არის მიზანმიმართული ტყუილი, რომელსაც არცერთი გონივრულად მოაზროვნე ადამიანი არ დაიჯერებს.

ქართული ოცნების დეზინფორმაცია კრემლის დონეს აღწევს. ქართული ოცნება არაა საქართველო, ქართული ოცნების გაკროტიკება არაა საქართველოს გაკრიტიკება. ამიტომ ვეძახი ჩემს თავს საქართველოს მეგობარს და არა „ქართული ოცნების მეგობარს“. შეწყვიტეთ ქვეყნის კარგი სახელის უკან ამოფარება. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს წარუმატებლობებზე.

დემოკრატიულ უკუსვლას არა „პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფი“ აკრიტიკებს, არამედ საკვანძო პოლიტიკოსები, რომლებიც განსაზღვრავენ ევროკავშირის პოლიტიკას ევროპარლამენტსა და მის გარეთ. შეამოწმეთ ხელმოწერები ბოლო განცხადებაზე, ან დაელოდეთ ევროკავშირის შემდგომ რეზოლუციას საქართველოზე.

სხვათა შორის, ეს ის პოლიტიკოსები არიან, ვინც ყოველდღე იცავენ ინტერესებს, ვინც იბრძოდნენ ვიზალიბერალიზაციისთვის და ვინც იბრძვიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ამ დროს, ქართულმა ოცნებამ შეძლო დემოკრატიის გაუარესება, ერთ წელიწადში საქართველოს მედიის თავისუფლების ინდექსში 60 ადგილიდან 89-მდე დაქვეითებით.

მე არ „ჩავრეულვარ“ საქმეებში. მე გახსენებთ თქვენს 19 აპრილის მოვალეობებს, რომლებიც თქვენ აიღეთ და არ შეასრულეთ. თუ გსურთ, სერიოზულად მიგიღონ, შეეშვით დაპირებების დარღვევას, შეეშვით საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის ზიანის მიყენებას. გამოასწორეთ მართლმსაჯულება, შეეშვით მიკროფონების მოპარვას, სიძულვილის ენასა და პოლარიზაციას.

მრავალი წელია საქართველოს (არა მისი მთავრობების) მეგობარი ვარ. ადრე მასწავლეს ქართული სიბრძნე „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს ზურგს უკანაო“. ტანტრუმების გამართვის ნაცვლად, დროა, ქართულმა ოცნებამ ისწავლოს, როგორ გაუმკლავდეს კრიტიკას და სიმართლეს“, – დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა ტვიტერში.

ევროპარლამენტარმა დეპუტატმა ინტერვიუ მისცა „TV პირველსაც“.