„მე ვარ თქვენი სიბინძურის მამხილებელი თავის ტკივილი“ - გოგაშვილი „ქართულ ოცნებას“

პუბლიკა

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს.

„ჩემს მიერ გამოქვეყნებული დიალოგი არის მიახლოებითი აღწერა იმ სიტუაციისა, როდესაც ხდება გაფუჭებული საქმის გამოსწორება. მე, პირადად, არაერთხელ დავსწრებივარ მსგავს თათბირს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოება გაიგებს სიმართლეს. „ოცნება“ თავისი რუსული კრიმინალური მენტალობიდან გამომდინარე, მე აღმიქვამს მოღალატედ და ჩამშვებად.

ვერ ხვდებიან, რომ ამით ისინი ადასტურებენ ჩემ მიერ გაჟღერებულ კრიმინალურ ფაქტებს. დიახ, თქვენ ხართ კრიმინალები და სახელმწიფო დამნაშავეები, რომლებიც ღალატობთ თქვენს ქვეყანას, ხოლო მე ვარ თქვენი სიბინძურის მამხილებელი თავის ტკივილი“, – წერს გოგაშვილი.

სოსო გოგაშვილი თბილისში 16 ივლისს თავისსავე სახლში დააკავეს. მას ბრალდება სამი მუხლით აქვს წარდგენილი.

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობას ედავება.

ოჯახი სოსო გოგაშვილის დაკავებას მის მიერ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებაზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.

21 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ ინფორმაციას ეყრდნობა.

15 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ადასტურებდა, რომ ის ფლობდა უსაფრთხოების სამსახურიდან გამოტანილ ინფორმაციას, რომელიც, მისივე თქმით, მიაწოდა მედიას, NGO-ებს, ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.