მე ვექცეოდი ერთადერთი პიროვნების გავლენის ქვეშ და ეს იყო ცხონებული მამაჩემი - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე

პუბლიკა

დღეს ბათუმში საკრებულომ  შპს „ამბასადორი ბათუმისთვის“ ბულვარის ცენტრში მიწის იჯარით გადაცემაზე იმსჯელა. სხდომის დაწყებამდე „TV 25-ის“ ოპერატორმა საკრებულოს თავმჯდომარესა და მერს შორის მიმოწერა გადაიღო. კადრებში ჩანს, რომ სულიკო თებიძემ sms-შეტყობინება მიიღო ბათუმის მერისგან, ლაშა კომახიძისგან „ამბასადორი ბათუმის“ შესახებ.

„არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“ – წერია sms-ში, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო.  სულიკო თებიძემ მერს იქვე მისწერა – „ოკ“.

ქალაქის მერის განმარტებით, მან თავისი აზრი დააფიქსირა საკრებულოს თავმჯდომარესთან მიმოწერით და ეს არ ყოფილა საკრებულოს საქმიანობაში ჩარევის მცდელობა. ბათუმის მერის პოზიციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

„ეს ჩარევა არ ყოფილა, რა თქმა უნდა, ეს იყო ჩემი პოზიცია/ მესიჯი და მე რომ იქ ვყოფილიყავი, დარბაზში ზუსტად იგივე სიტყვებით მივმართავდი ბატონ სულიკოს და დეპუტატებს. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი, ამბასადორი ბათუმის კაფის იჯარის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ან ჩვენ უნდა გადაგვეხადა ღირებულების 2/3, რომ გადმოსულიყო ჩვენს საკუთრებაში, ეს მილიონზე მეტია“, – განცხადა ბათუმის მერმა.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ის არავის გავლენის ქვეშ არ მოქცეულა და საკითხი დემოკრატიულად განიხილეს სხდომაზე.

„მე ვინც მიცნობს კარგად, მან იცის კარგად, რომ მე ვექცეოდი ერთადერთი პიროვნების გავლენის ქვეშ და ეს იყო ცხონებული მამაჩემი. ნაწილმა ჩვენი პარტიას მისცა ხმა, ნაწილმა არ მისცა ხმა და დააფიქსირა პოზიცია“, – განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ აჭარის ტელევიზიასთან.

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, საკრებულოში „ქართული ოცნების“ ორმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი ამ საკითხს და  საკითხს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც.

დღეს ბათუმის საკრებულომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ამბასადორი ბათუმი“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელა.

გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკრებულოს მოუწოდეს, საკითხი დღის წესრიგიდან ამოეღო.

„ბათუმის ბულვარში წლების განმავლობაში ხდებოდა ღია და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვა და მიტაცება. ბოლო წლებში განვითარებულმა პროცესმა აჩვენა, რომ საზოგადოებისთვის ბულვარი წარმოადგენს მნიშვნელოვან და ღირებულს ზღვისპირა პარკს, რომლის დასაცავად არაერთი მოქალაქე გამოვიდა. სწორედ აღნიშნულ პროცესს მოჰყვა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე მუშაობის დაწყება, რომლისთვისაც ნახევარ მილიონამდე ლარი არის გამოყოფილი აჭარის არ ბიუჯეტიდან. მოგიწოდებთ, აღნიშნული საკითხი ამოიღოთ დღის წესრიგიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.