მე, ვიცე-პოლკოვნიკს ჩემი ქვეყანა მიყენებს ბრალს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში - გოგაშვილი

პუბლიკა

„დღეს ისტორიული დღეა. მე, ვიცე-პოლკოვნიკს ჩემი ქვეყანა მიყენებს ბრალს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა. მე ამის უფლება კი არა, ვალდებულება მქონდა და ეს გავაკეთე“, – განაცხადა სასამართლოს სხდომაზე სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შესახებ მსჯელობს.

გოგაშვილმა პროცესზე ასევე აღნიშნა, რომ დაკავებისას მისი და ოჯახის წევრების მიმართ იყო არასათანადო, არაადამიანური მოპყრობა.

„სასამართლოს და ამ ინსტიტუციას პატივს ვცემ და არ მინდა, სიტყვა იდიოტი გამოვიყენო, გამოვიყენებ იმნაირს. ეს იმნაირი ხალხი, იმნაირად დაგეგმილი სპეცოპერაციით ამას ახორციელებენ, სუს-ის ვიცე-პოლკოვნიკის მიმართ, რომელმაც ქვეყანაში ტერორისტებს მუსრი გაავლო. ეს არასწორი მოქმედებაა, ეს ჩემი და ქვეყნის შეურაცხყოფაა. ისტორიული ფაქტის მოწმეები ვართ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს პასუხისგებაში აძლევს სუსი და ბრალდებას უყენებს პროკურატურა, რუსეთის აგენტების ჩივილის შედეგად და ამაში უნდათ, ჩართონ სასამართლო და მისი დისკრედიტება მოახდინონ“, – განაცხადა გოგაშვილმა.

გოგაშვილის განცხადების შემდეგ სხდომა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაიხურა.


სოსო გოგაშვილის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილის ერთ-ერთი ბრალდება რუსეთის ორი მოქალაქის პერსონალური მონაცემების მოპოვებასა და გავრცელებას შეეხება.

ადვოკატის თქმით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეს ადამიანები არიან რუსეთში მცხოვრები კონსტანტინ რომანოვსკი და დავით ადამია.

მისი თქმით, კონსტანტინ რომანოვსკი ჩვენებაში აცხადებს, რომ 2021 წლის 13 თებერვალს „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულმა ინფორმაციამ მას მორალური ზიანი მიაყენა.

სიუჟეტში, რომელზეც ადვოკატი საუბრობს, სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ კონსტანტინ რომანოვსკი და დავით ადამია დაქირავებულები იყვნენ და აწარმოებდნენ სოციალურ გამოკითხვას. გოგაშვილის თქმით, გამოკითხვის საგანი იყო, გაერკვიათ, საზოგადოებაში რომელ მღვდელმთავარს როგორი რეიტინგი აქვს. გოგაშვილის ვარაუდით, ამ კვლევის მიზანი პატრიარქის შემცვლელის პოვნა იყო.