მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანიაა - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძე „TV პირველის“ ეთერში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი მთავრობის გადაწყვეტილება და საგანგებო რეჟიმის შემოღება. მან აღნიშნა, რომ  ჩვენ ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ ქვეყანაში იმ სიტუაციას, როცა არცერთი შემთხვევა არაა, როცა არ იცის პაციენტმა ვისგან გადაედო ვირუსი.

პაატა იმნაძემ  თქვა, რომ ის არ იმყოფებოდა ამირან გამყრელიძესთან ერთად საპატრიარქოში შეხვედრაზე. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, მას ეჩვენება, რომ ქვეყანაში მოწმუნეების დევნის კამპანიაა.

„ვერ ვადევნებ თვალ-ყურს ვერც მედიას და ამ დისკუსიებს,  მაგრამ მეჩვენება, რაღაც, მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში. ჯერ იყო და ჩინელებზე იყო რაღაც. მაშინ მედიას სწორი პოზიცია ეკავა და იცავდა ჩინელებს უსაფუძვლო თავდასხმებისგან. ახლა მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანიაა.

ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს გაუგებს, იმიტომ, რომ სხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას. ამიტომ ყველანი ცოტა ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 49 დადასტურებული შემთხვევაა. დღეს ქვეყანაში 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში – 1 966, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259 ადამიანია.


ქვეყანაში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტის დეკრეტით, საგანგებო მდგომარეობის დროს იზღუდება შემდეგი:

► იზოლაციის ან კატანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში. წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები.

► საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.

► დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;

► საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საიზოლაციო, საკარანტინო და სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

► იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა;

► მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს, შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;

► აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამეტებზე, სამედიცინო მომსხურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას.

► მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებსა და პირობებს.

►საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება;

► საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლოა გაიმართოს დისტანციურად;

► ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანგებო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინიტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 3 წლამდე ვადით; იურიდიული პირი კი ჯარიმით, საქმიანობის ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

► სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.

ამ ეტაპზე ქვეყანაში საკომენდანტო საათი არ დგინდება.