„მეცნიერებათა ეროვნული აკადემია იქცა უფუნქციო დაწესებულებად“ - კანონპროექტი

პუბლიკა

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის ინიციატივითა და ავტორობით პარლამენტს განსახილველად წარედგინა კანონპროექტი „მეცინერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“.

კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ცვლილებით ახლებურად უნდა ჩამოყალიბდეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსებისა და ქონების საკითხები. 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია იქცა უფუნქციო დაწესებულებად. წლების განმავლობაში  კი შეინიშნება აკადემიის საბიუჯეტო დაფინანსების ზრდის ტენდენცია, რომელიც ძირითადად ხმარდება ბიუროკრატიულ აპარატს.

„აკადემიკოსები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველთვიურად იღებენ არანაკლებ 1600 ლარს  ანაზღაურების სახით. ამჟამად ამ ანაზღაურების მოცულობა არის დაახლოებით 1800 ლარი. საყურადღებოა, რომ 2013 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, მეცნიერებათა აკადემიის საბიუჯეტო დაფინანსებამ ჯამში 48.7 მილიონი ლარი შეადგინა.

საკმაოდ დიდ დაფინანსებას იღებს ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაც, რომლის 2024 წლის შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.365  მლნ.  ლარით არის განსაზღვრული.

უნდა შეიცვალოს მეცნიერებათა აკადემიის ამ ფორმით საქმიანობა. ანაზღაურება უნდა შეუნარჩუნდეთ აკადემიის მხოლოდ არსებულ წევრებს, ხოლო აკადემიის ახალ წევრებს აღარ უნდა დაენიშნოთ ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. რაც შეეხება დღემდე არსებულ სხვა საბიუჯეტო დაფინანსებას, ის უნდა შეუნარჩუნდეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიას და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას მხოლოდ რეფორმირების პერიოდში, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, „- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ასევე, კანონპროექტის მიხედვით, ამავე პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ უნდა მოხდეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ალტერნატიული, ადეკვატური მოცულობის ფართობის გამოყოფა, სადაც მეცნიერებათა აკადემია გადავა მას შემდეგ, რაც ის ამჟამინდელ ნაგებობას უკან დაუბრუნებს სამინისტროს.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემული აქვს სახელმწიფო შენობა, რომლის ნაწილი გაქირავებულია კომერციულ ორგანიზაციებზე, საიდანაც იღებს დამატებით შემოსავლებს.  ეს შენობა უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ისტორიული ნაგებობა, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ადგილზეა განთავსებული, გაცილებით სარგებლიანად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

კანონის მოქმედი რედაქციით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. მასში იგულისხმება როგორც აკადემიკოსებისა და წევრ-კორესპონდენტების ანაზღაურება, ასევე აკადემიის აპარატის ხარჯებიც. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მოხდება იმ ნორმატიული შინაარსის ჩანაცვლება, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას, აკადემიის წევრებთან ერთად, მის აპარატზეც ავრცელებს.

„ცვლილებით სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს მხოლოდ საქართველოს მეცნიერებათა  აკადემიის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის იმ ნამდვილ წევრებს, წევრ-კორესპონდენტებსა და სტიპენდიანტებს, რომელთაც ამ კანონის მიღებამდე ჰქონდათ შესაბამისი სტატუსი.

შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისინი აღარ მიიღებენ სხვა ტიპის ფინანსურ სახსრებს, მაგალითად, როგორიცაა: საქონლისა და მომსახურების ხარჯები, აპარატის შრომის ანაზღაურება და სხვა.  გარდაქმნის პერიოდში, 2027 წლის 1 იანვრამდე, მოცემულმა აკადემიებმა უნდა მოახდინონ ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოეძიება და გადავიდნენ თვითდაფინანსებაზე, „- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

აქვე არის ჩანაწერი, რომ როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ისე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების დაახლოებით 45% მოდის ნამდვილი წევრების, წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიანტების ანაზღაურებაზე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტი დაზოგავს მოცემული აკადემიებისთვის გამოყოფილი ასიგნებების სულ მცირე 55%-ს.

კანონპროექტის ავტორის აზრით, ეს კანონი, გარდა მისი პირველი მუხლის პირველი პუნქტისა,  ძალაში შევა მისი გამოქვეყნებისთანავე, რადგან საჭიროა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის რეორგანიზაციის პროცესის დროული დაწყება. ხოლო კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდება 2027 წლის პირველი იანვრიდან იმისათვის, რათა ამ პერიოდის დადგომამდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აპარატმა ისარგებლოს არსებული სახელმწიფო დაფინანსებით.