მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ისრაელს და „ჰამასს“ 10 ტყვის გათავისუფლებას და 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს.
„ალ ჯაზირა“, ასევე AFP ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აშშ-ის მიერ შეთავაზებული შეთანხმების პროექტი მოიცავს ტყვეების გათავისუფლებასთან ერთად დახოცილი ებრაელების ცხედრის გადაცემასაც ისრაელის მიერ დატყვევებული პალესტინელი ტყვეების სანაცვლოდ. გაცვლა 2 ეტაპად უნდა მოხდეს – თავდაპირველად ხუთი ისრაელელი ტყვე გათავისუფლდება, ხოლო დანარჩენი ხუთი – მე-60 დღეს.
გავრცელებული ცნობებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“, რომელიც ღაზას მართავს, მზადაა, შეთავაზებას დათანხმდეს.
Reuters წერს, რომ წინადადებას არ თანხმდება ისრაელი.
ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც Reuters-ს კონფიდენციალურად ელაპარაკა, ამბობს, რომ „არცერთი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება მსგავს შეთანხმებას არ უნდა დათანხმდეს“.
ისრაელის წარმომადგენლები თავდაპირველად უარყოფდნენ, რომ მსგავსი შეთავაზება არსებობს, მოგვიანებით კი თქვეს, რომ „არაფერს თანხმდებიან“.
დღეს, 26 მაისს, ისრაელმა ისევ დაბომბა ღაზა – ამჯერად სამიზნე იყო სკოლა, რომელსაც მოსახლეობა თავშესაფრად იყენებდა. პალესტინის ინფორმაციით, დაიღუპა 50-მდე ადამიანი.
ისრაელი ბომბავს სკოლებს, საავადმყოფოებს და ბარაკებს, სადაც მოქალაქეები არიან, ვინაიდან აცხადებს, რომ ამ შენობების ქვეშ „ჰამასის“ გვირაბებია.
2 კვირის წინ ისრაელმა აღიარა, რომ ღაზაში მარტის შემდეგ დახოცილთა 80% მშვიდობიანი მოქალაქეა.
2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის თავდასხმებს 50 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.
ტერორისტულ თავდასხმას 1139 ადამიანი ემსხვერპლა. 200-ზე მეტი „ჰამასმა“ ტყვედ აიყვანა.
„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა.
8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
მას შემდეგ ღაზაში ცეცხლი 2-ჯერ შეწყდა: 2023 წლის 24 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე და 2025 წლის 19 იანვრიდან 18 მარტამდე. 18 მარტს ისრაელმა ისევ დაიწყო ღაზაზე საჰაერო იერიშები.
2 მარტიდან ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში დახმარების, მათ შორის, საკვების შეტანა აკრძალა 11 კვირის განმავლობაში ღაზა ბლოკადაში იყო. 22 მაისს დასავლეთის ზეწოლის შემდეგ ნეთანიაჰუმ ბლოკი ნაწილობრივ მოხსნა და მინიმალური ოდენობით საკვების შეტანა დაუშვა.
წინა ღამით ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც დაგმეს ისრაელის სამხედრო მოქმედებები და გააფრთხილეს „შემდგომ ნაბიჯებზე“, კერძოდ, სანქციებზე იმ შემთხვევაში, თუ ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.