მედიაცია არ იწყება ხვალ. შეხვედრა პოზიციების დასაფიქსირებლად იმართება - გოლეთიანი

პუბლიკა

„ხვალ არის პირველი შეხვედრა… მედიაცია არ იწყება ხვალ, ცალსახად მინდა გითხრათ. მხარეები დააფიქსირებენ თავ-თავიანთ პოზიციებს“, – ასე უპასუხა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტების შეკითხვას მედიაციის პროცესთან დაკავშირებით.

გოლეთიანის თქმით, ხვალინდელი შეხვედრა მხოლოდ მხარეების პოზიციების დასაფიქსირებლად იმართება, რის შემდეგაც გამოიკვეთება, დაიწყება თუ არა მედიაცია.

„თქვენ იცით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლების ჩართულობით იწყება პროცესი. თუმცა იმისთვის, რომ საკითხი გადავიდეს უკვე მედიაციის ნაწილში, ამას სჭირდება, რომ პირველი შეხვედრა გაიმართოს, სადაც ორივე მხარე თავ-თავიანთ პოზიციას დააფიქსირებს და ამის შემდეგ გამოიკვეთება შესაძლებლობა იმისა, დაიწყება თუ არა მედიაცია“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ პირველ რიგში უნდა შესრულდეს პირობები და აქტივისტები ამ ნაწილში იქნებიან უკომპრომისოები. 

დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „ხვალიდან იწყება უშუალოდ მოლაპარაკების, მედიაციის მაგიდასთან სხვადასხვა მხარის შეხვედრის პროცესი…”

„სამინისტრო იქნება ჩართული, ექსპერტები იქნებიან ჩართულები. ველოდებით, რომ „რიონის ხეობის მცველები“ იქნებიან ჩართულები. ეს არის სრულიად ნორმალური პროცესი. იმიტომ, რომ პროექტის გაუმჯობესების მიღწევა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, გაცილებით უპრიანია, ხდებოდეს ასე, მოლაპარაკების და მედიაციის მაგიდასთან, მით უფრო, როდესაც ამას უძღვება რეპუტაბელური ევროპელი მედიატორი, ვიდრე ქუჩაში“, – განაცხადა მან.


ვარლამ გოლეთიანი ამბობს, „რიონის ხეობის მცველებისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის შესაბამისმა ორგანიზაციამ პროცესში ჩასართავად ის პირობები დააყენა, რომლებიც მათაც ჰქონდათ დიალოგის დასაწყებად.

„ჩვენთვის აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათაც დააყენეს ის პირობები მედიაციის პროცესის დასაწყებად, რაც ჩვენც დავაყენეთ თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებას ვუთხარით, რომ თუკი შესრულდებოდა პირობები – ბარიკადის აღება, პოლიციის გასვლა, სამუშაოების შეწყვეტა, ამ შემთხვევაში დავსხდებოდით დიალოგის მაგიდასთან, გაიწერებოდა კალენდარი სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ და იქ უნდა გადაწყვეტილიყო ჰესის აშენება-არაშენების საკითხი“, – აღნიშნა გოლეთიანმა რამდენიმე დღის წინ.

ხვალ, 12 ივნისს „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდებიან.