მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრი ჩაერთვება - სამინისტრო ნამახვანჰესზე

პუბლიკა

ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყება წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და გარემოს დაცვის მინისტრის ლევან დავითაშვილის შეხვედრაზე ცენტრის დირექტორ დირკ ბუშლესთან, რომელიც ნამახვანთან დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის.

„შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომლის დროსაც მინისტრებმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელს  ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებული ვითარება გააცნეს და ხაზი გაუსვეს კონსენსუსის მიღწევის პროცესში აღნიშნული ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ყველა  დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის) შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ასევე შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი დისკუსიების ორგანიზება, რათა გამოვლინდეს და განხილულ იქნას ყველა ლეგიტიმური კითხვა…

ონლაინ შეხვედრას წინ უძღოდა ერთობლივი წერილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელს დირკ ბუშლეს გაუგზავნეს და ნამახვანიჰესის პროექტის პროცესში ჩართვა და მხარეებთან მედიაცია სთხოვეს.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ნამახვანიჰესის პროექტის მედიაციაში უახლოეს პერიოდში ჩაერთვება”, – ნათქვამია განცხადებაში.