მედიაკოალიცია ეხმაურება „პუბლიკის" მთავარ რედაქტორზე, ლიკა ზაკაშვილზე ძალადობას

პუბლიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება „პუბლიკის” მთავარ რედაქტორზე, ლიკა ზაკაშვილზე ძალადობას.

3 სექტემბერს „ქართული ოცნების” თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის საზეიმოდ გახსნის პარალელურად მოქალაქეებმა თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს.

3 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის საარჩევნო შტაბი „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიების პარალელურად მოქალაქეებმა საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია გამართეს.

პროტესტის დროს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

„პუბლიკის“ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ შელაპარაკების შემდეგ „ოცნების“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა აქტივისტებს შეაფურთხა, მეორემ კი შეაგინა და „პუბლიკის“ ჟურნალისტს ხელი დაარტყა. მოგვიანებით, „ოცნების“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა „პუბლიკის“ ჟურნალისტსაც შეაფურთხა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნების” მხარდამჭერები და პოლიცია ჟურნალისტებზე ძალადობენ. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ჩვენ ვხედავთ სისტემურ ძალადობას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ: დღემდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე ათეულობით ფიზიკური ძალადობის ფაქტი და არ დამდგარა მოძალადეთა პასუხისმგებლობის საკითხი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, სინდისის პატიმარს მზია ამაღლობელს ორი წლის პატიმრობა შეეფარდა.

დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიღებულია რეპრესიული კანონმდებლობა. ყველა ეს ფაქტი ერთიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის და კრიტიკული ხმის ჩახშობას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს „პუბლიკის” გუნდს და ყველა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელს, რომლებიც რეპრესიებისა, ზეწოლისა და ძალადობის პირობებში აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას საზოგადოების ინფორმირებისთვის”. – აცხადებს ორგანიზაცია.