მედიაკოალიცია გმობს აკრედიტებული ჟურნალისტების კომიტეტის მოსმენაზე არშეშვებას

პუბლიკა

მედიაკოალიცია გმობს პარლამენტის მიერ აკრედიტებული ჟურნალისტების კომიტეტის მოსმენაზე არშეშვების ფაქტს. გუშინ კომიტეტის სხდომაზე, სადაც კინემატოგრაფისტებმა საპროტესტო პერფორმანსი გამართეს, მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აკრედიტებული ჟურნალისტები პარლამენტში თავიანთი მოვალეობების შესრულებისას დაუსაბუთებელ დაბრკოლებებს აწყდებიან. მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს რომ ეს საგანგაშო ინციდენტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საკანონმდებლო ორგანოში გამჭვირვალობასა და დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტი გახდა ქვეყანაში მედიის შეზღუდვის ერთ-ერთი სიმბოლო.

მსგავს კრიტიკულ პროცესებზე მედიის ხელმისაწვდომობის შეზღუდვით, პარლამენტი ზღუდავს საზოგადოების კონტროლს, ხელს უშლის მოსახლეობას ინფორმირებულობას და ართმევს შესაძლებლობას ჩაერთოს დემოკრატიულ პროცესში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, უზრუნველყოს სათანადო სამუშაო პირობები მედიის წარმომადგენლებისთვის. საქართველოს პარლამენტი ვალდებულია პატივი სცეს პრესის თავისუფლებას, რომელიც აღიარებულია ეროვნული და საერთაშორისო კანონებით”, – ნათქვამია მედიაკოალიციის განცხადებაში.


ცნობისთვის, კომიტეტის სხდომაზე, სადაც კინემატოგრაფისტებმა გუშინ საპროტესტო პერფორმანსი გამართეს, მედიას არ მიეცა შესაძლებლობა, გადაეღო პროტესტის ამსახველი მასალა.

კომიტეტის ოთახში არ შეუშვეს „პუბლიკის“ აკრედიტებული ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი. რაც შეეხება ტელევიზიას, „პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, სხდომაზე კადრების გადასაღებად საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორიც აპირებდა შესვლას, თუმცა ის ნებართვის გაცემის საფუძვლით შეაფერხეს. ნებართვის მიღებამდე კი პროცესი დასრულდა.