მედიაკოალიცია: კრიტიკული მედიის მიმართ მმართველი პარტიის აგრესიული დამოკიდებულების შედეგი

პუბლიკა

მედიაკოალიცია ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

„კოალიციის წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ რომ ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმა წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ მმართველი პარტიის აგრესიული დამოკიდებულების სამწუხარო შედეგს.

ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება „ქართული ოცნების“ წევრების რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება ტოქსიკური გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჟურნალისტების პოლიტიკურ ოპონენტებად გამოცხადება და მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება ახალისებს ისედაც პოლარიზებული საზოგადოების ნაწილს, რომ თავს დაესხან ჟურნალისტებს სიტყვიერად ან ხელი შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში.” – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს  სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი და დროული რეაგირებისკენ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

ასევე მოუწოდებენ მმართველ პარტიას, უარი თქვას აგრესიულ დამოკიდებულებაზე მედიის მიმართ.  საერთაშორისო პარტნიორებს კი მოუწოდებენ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ქართული მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმების ფაქტებს.