მედიაკრიტიკის პლატფორმაზე კრიტიკული მედიების დისკრედიტაციის ტენდენცია იკვეთება - ანგარიში

პუბლიკა

ორგანიზაცია „მედიის უფლებებისთვის“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით ნათელია, რომ რეგულირების პოლიტიკა და პრაქტიკა დასჯაზეა ორიენტირებული;

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ კომუნიკაციების კომისიამ ზედაპირულად შეისწავლა ისეთი მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხი, რომელიც უკავშირდებოდა შპს „ალტ-ინფოს”. ამით კომისიამ გაიმეორა მმართველი გუნდის პოლიტიკა 5 და 6 ივლისის მოვლენების შესწავლაში;

აქვე ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშების შესწავლით ნათელია, რომ კომუნიკაციების კომისიის შეფასებები იმეორებს სახელისუფლებო გუნდის მესიჯებს მედიის მისამართით და აღნიშნულის გავლენით არსებობს მედიის შინაარსის რეგულირების მაღალი რისკი.

ცალკე ქვეთავი ეთმობა კომისიის მიერ დაფუძნებული მედიააკადემიის საქმიანობის შესწავლას.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მონიტორინგის შედეგად ნათელი გახდა, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტისა და ა(ა)იპ მედიააკადემიის ფუნქციებს შორის მსგავსებაა, რაც განაპირობებს ხარჯების დუბლირებას;

ორგანიზაციის შეფასებით, მედიააკადემიის დაქვემდებარებაში არსებული პლატფორმა – მედიაკრიტიკა, არასათანადოდ შექმნილი და გამოყენებული ინსტრუმენტია, რაც დადასტურდა საერთაშორისო აქტორების შეფასებითაც. ამ შეფასების თანახმად, მედიაკრიტიკა წარმოადგენს „ფაქტების გადამოწმებისა” და „ეთიკის თვითრეგულირების ორგანოს” კომბინაციას;

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მედიაკრიტიკის კონტენტის შესწავლამ გამოკვეთა პლატფორმაზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიაორგანიზაციების დისკრედიტაციის ტენდენციაც: „ შესაბამისად, პლატფორმა კომუნიკაციების კომისიის ხელში აღნიშნული ორგანიზაციების მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ინსტრუმენტად განიხილება“.

ანგარიშის მთავარ მიგნებებში ნათქვამია ისიც, რომ საქართველოს პარლამენტი სათანადოდ არ უზრუნველყოფს კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის კონტროლს. ეს გამოიხატება კომუნიკაციების კომისიის ანგარიშების ჩაბარების ფორმალურობით და სათანადო უკუკავშირის არარსებობით.

მედია წიგნიერების განვითრაების ხელშეწყობის სახელით „მედიააკადემია“ სამი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს ესენია: მედიასკოლა, მედიაკრიტიკა და მედიალაბი.

„მედიააკადემიის“ დაფინანსების მთავარი წყარო დამფუძნებლის – კომუნიკაციების კომისიის შენატანებია. კომისიის ბიუჯეტიდან გაღებული თანხები შემდეგი ოდენობისაა:

2018 წელი – 501,34671

2019 წელი – 2 469,751.50

2020 წელი – 3,092.809

2021 წელი – 3,133,291

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.