მედიაორგანიზაციები: პაპუაშვილის განცხადება „პუბლიკის" მიმართ აშკარა მუქარას შეიცავს

პუბლიკა

მედიაორგანიზაციები „ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარი, შალვა პაპუაშვილის მიერ „პუბლიკის” მიმართ მუქარას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.

მედიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პაპუაშვილის განცხადება დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაა და მისის საქმიანობის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

მედიაორგანიზაციები საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, მომხდარს შესაბამისი შეფასება მისცენ და ყველა ღონე იხმარონ, რათა საქართველოში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების დევნა შეაჩერონ.

განცხადება სრულად:

„1 თებერვალს „ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საჯაროდ თავს დაესხა დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემა „პუბლიკას” მას შემდეგ, რაც გამოცემამ 2 თებერვალს „თბილისი მოლთან” დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

პაპუაშვილმა ფეისბუკ პოსტში დაწერა, რომ „პუბლიკა” ამ ინფორმაციის გავრცელებით „სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს” და „რეკლამირებას უწევს”. ის ასევე პასუხისმგებლობით დაემუქრა ევროკავშირს, რომელიც, მისივე თქმით, აფინანსებს „პუბლიკას”.

მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება არის დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა და ემსახურება მისი საქმიანობის შეზღუდვას.

ამასთან, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა უკვე დააპატიმრა დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების – „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იმ ბრალდებით, რომელიც მას არ ჩაუდენია, პაპუაშვილის ეს განცხადება „პუბლიკის” მიერ „სისხლის სამართლის დანაშაულის დაანონსებაზე” შეიცავს აშკარა მუქარას ამ მედიაორგანიზაციის მიმართ.

კატეგორიულად ვგმობთ შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადეკვატური შეფასება მისცენ ამ ყოველივეს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების დევნის შესაჩერებლად.

ამასთან, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ „პუბლიკის” სარედაქციო გუნდს, რომელიც დაარსების დღიდან სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერთა სია განახლებადია:

ბათუმელები;

ნეტგაზეთი;

სამხრეთის კარიბჭე;

სტუდია მონიტორი;

მთის ამბები;

ჯემნიუსი;

მედია აპრილი;

ინდიგო;

მედიაჩეკერი;

მოზაიკა;

ქუთაისიპოსტი;

მაუწყებელი;

აქცენტი;

OC Media;

Chai Khana;

Civil.ge;

პროექტი 64;

TV პირველი;

ფორმულა;

JRC/ ჟურნალისტიკის რესურსცენტრი;

TOK TV;

კავკასია;

კახეთის ხმა;

ტაბულა;

ექსპრესნიუსი;

ჩემი ხარაგაული;

მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“;

CNews.ge;

Tv9News;

აი,ფაქტი;

გურია ნიუსი;

BMG;

გურიაTV;

ქართლის ამბები;

მთავარი არხი;

On.ge;

გაზეთი ალიონი;

რადიო WW;

რადიო ათინათი


„ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა 1 თებერვალს გააზიარა „პუბლიკის“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტი – ქარდი, რომელიც „თბილისი მოლთან“ აქციის ანონსს შეეხება და დაწერა, რომ „პუბლიკა“ რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას და აანონსებს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას“.

„პუბლიკა“ შალვა პაპუაშვილის ამ თავდასხმას მუქარად აღიქვამს.

პაპუაშვილი ცდილობს, რომ ინფორმაციის გავრცელება დანაშაულის დაანონსებად წარმოაჩინოს და რატომღაც ევროკავშირის საელჩოს აკისრებს „წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე პასუხისმგებლობას“.

,,პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ,,პუბლიკამ” დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება დაანონსებულ აქციაზე.

შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით. პაპუაშვილის ამ განცხადებას ,,პუბლიკის” თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად.